მიზანი ყველა ადამიანს აქვს, მისი შესრულებისთვის საკმარისი მონდომება და რესურსი კი ყველასთვის თანაბრად “ხელმისაწვდომი” არ არის. დღესდღეობით წარმატებულია ის იდეა, რომელიც განსხვავებულია, საჭირო და საინტერესო. სალომე წიქვაძემ საკუთარი იდეა რეალობად აქცია და ამ მხრივ დიდ წარმატებასაც მიაღწია – ის წლის ახალგაზრდა სოციალურ მეწარმედ დასახელდა. სალომემ თავისი მიზნის ხორცშესხმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. დღეს მას ამბიციური გეგმები და უკვე წარმატებული უახლოესი წარსული აქვს. “თბილისი თაიმსს” საკუთარი საქმიანობის დეტალების შესახებ ის თავად უყვება.
რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა, რის გამოც წლის ახალგაზრდა სოციალური მეწარმის სტატუსი მოიპოვეთ?
ჩემი ძირითადი საქმიანობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გულისხმობს სოციალურ მეწარმეობას. 18 წლის ასაკში მონაწილეობა მივიღე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებულ სტუდენტურ კონკურსში, სადაც მომეცა შესაძლებლობა, ახლოს გავცნობოდი სოციალურ მეწარმეობას და საკუთარი წვლილი შემეტანა მის განვითარებაში. ამის შემდეგ მოხალისეობრივად ვიყავი ჩართული სფეროს პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პროექტებში, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა სოციალურ საწარმოსთან და, ამავდროულად, ვმუშაობდი ახალი სოციალური საწარმოს კონცეფციაზე, რომელიც ორი წლის წინ შევქმენი, სახელწოდებით “ჩუ”.
რა მიზნებზეა ის ორიენტირებული?
“ჩუ” არის სოციალური საწარმო, რომლის ფარგლებში ვქმნით ინკლუზიურ სამაგიდო თამაშებს, პოპულარიზაციას ვუწევთ ჟესტურ ენას და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ კომუნიკაციის ბარიერის გაქრობას სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შორის.
დღემდე რა მნიშვნელოვანი წარმატებები გაქვთ?
ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად მიმაჩნია ის, რომ ჩვენი სამაგიდო თამაშის მიმართ მუდმივად დიდ დაინტერესებას ვგრძნობ საზოგადოების მხრიდან.
ამ მხრივ, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ გვსურს, შევქმნათ ახალი თამაშები. უკვე შექმნილი გვაქვს ერთი თამაშის პროტოტიპი და ოთხი თამაშის კონცეფცია. იმისათვის, რომ ახალი თამაშების წარმოება დავიწყოთ, აქტიურად ვცდილობთ დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ