დეკემბრის თვე ებრაელთათვის ასოცირდება ხანუქას დღესასწაულთან , რომელიც ქრისტეს შობამდე ორი საუკუნით ადრე დაწესდა და ერთ-ერთ დიდ ბიბლიურ მოვლენადაა მიჩნეული.
ძველი აღთქმის ყველა მსახურება თუ დღესასწაული იყო მოლოდინი მესიისა, შესაბამისად, ებრაელთა დღესასწაული ხანუქა თავისი არსით ამას გულისხმობდა.
ხანუქას ისტორია იწყება იმ პერიოდიდან, როცა საბერძნეთის იმპერიის მმართველი ანტიოქე IV გახდა, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა- გაენადგურებინა ებრაელთა მომავალი და მათი რელიგია. მან დახოცა ათი ათასობით ებრაელი, რომლებიც ძირითადად ტაძრის მსახურები იყვნენ. ანტიოქე აიძულებდა იუდეველებს მონაწილეობა მიეღოთ წარმართულ რიტუალებში.
მისი მცდელობა, წაეშალა ებრაელთა რელიგია, დამთავრდა იმით, რომ ტაძრის საკურთხეველში მსხვერპლად შესწირა ღორი, რითაც საბოლოოდ შეურაცხყო იგი.
ისტორია მოგვითხრობს, რომ მაკაბელთა ოჯახი, რომელიც აარონის სამღვდელო ხაზიდან იყო, მოაწყო აჯანყება სასტიკი მმართველის წინააღმდეგ. ღმერთი ებრაელებს გამარჯვებას აძლევდა, მთელი ერი სასწაულებრივად იბრძოდა ანტიოქეს წინააღმდეგ, ვიდრე საბოლოოდ არ დაიბრუნა ტაძარი.
სწორედ ტაძრის ისრაელის ღმერთისთვის დაბრუნება აღინიშნება ხანუქას დღესასწაულით , რადგან სიტყვა „ ხანუქა“ ებრაულად მიძღვნას ნიშნავს.
თავად დღესასწაული რვა დღის განმავლობაში აღინიშნება და ამასაც თავისი რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია. როდესაც ებრაელები ხელახლა შევიდნენ ტაძარში მენორასთვის მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ზეთი იყო გასანათებლად, თუმცა სასწაულებრივი ძალით მენორა ტაძარში 8 დღე ენთო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხანუქა ებრაელთათვის უდიდესი მნიშვნელობის დღესასწაულია, რამეთუ ასოცირდება გამარჯვებასთან ,განწმენდასა და მარადიულ განახლებასთან. იგი დღეს, 11 დეკემბერს დაიწყო და 8 დღის განმავლობაში გასტანს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა