2020 წლის 6 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ინიციატივით, წმ. მღვდელმოწამე გრიგოლისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა სწორედ იმ შენობაზე განთავსდა, სადაც 1933-42 წლებში არქიმანდრიტი გრიგოლი(ფერაძე) ცხოვრობდა.
მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია ის ფაქტი ,რომ მემორიალური დაფის გახსნა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო კონფერენცია და სხვა ყველა საზეიმო ღონისძიება 2021 წლისთვის გადაიდო.
საყურადღებოა, რომ მემორიალურ დაფაზე ქართულ და პოლონურ ენებზე შესრულებული შემდეგი წარწერაა დატანილი:
„ ამ სახლში 1933-42 წლებში ცხოვრობდა წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (1899-1942), ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, მოწამეობრივად აღესრულა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 6. XII. 1942, წმინდანად შერაცხული – 19.IX.1995”
წყარო: „საპატრიარქოს უწყებანი“
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა