მთელ ქრისტიანულ სამყაროში, მათ შორის საქართველოშიც, არაერთი სასწაულმოქმედი ხატი არსებობს , რომელთა ძალას ბევრი სასწაული მიეწერება- ავადმყოფთა განკურნება, უშვილოთა შეწევნა, დაკარგულის დაბრუნება და სხვა…
სასწაულმოქმედ ხატებს შორისაა „პანტანასა“- „ყოველთა დედოფალი“, რომლის ორიგინალიც ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული.
ისტორია მოგვითხრობს, რომ „პანტანასა“ თავდაპირველად მცირე აზიაში მკვიდრობდა, თუმცა მოგვიანებით ბერებს იგი მამა იოსებ ისახატისთვის უჩუქებიათ.. მამა იოსებმა ეს ფასდაუდებელი საჩუქარი ათონის მთაზე ერთ-ერთ მონასტერში დააბრძანა, ხოლო როცა აღესრულა, მისმა მოსწავლეებმა ხატი ვათოპედის მონასტერში გადააბრძანეს. აღნიშნული ხატი XVII საუკუნით თარიღდება და მას მრევლი ისეთ სასწაულებს მიაწერს, როგორიცაა ნარკომანიითა და სიმსივნით დაავადებული ადამიანების განკურნება.
პირველი სასწაულიც სწორედ ამ მონასტერში მოხდა. ერთ-ერთი მომლოცველის მიახლოებისთანავე მარიამ ღვთისმშობლის სახე მზესავით განათდა და ყმაწვილი დაეცა. გონს რომ მოვიდა, თქვა, რომ იგი მაგიას მისდევდა , ამიტომაც არ მიუშვა ხატმა თავისთან.
„პანტანასას“ ასლი საქართველოშიცაა ჩამობრძანებული. იგი ავჭალაში, წმ. ქეთევან წამებულის ტაძარშია დაბრძანებული. აღსანიშნავია, რომ ქართველ მართლმადიდებელ მრევლშიც მოიძებნება არაერთი ადამიანი, რომელთაც სიმსივნე და სხვა განუკურნებელი დაავადებანი სწორედ ამ ხატთან პარაკლისის გადახდის შემდეგ დაამარცხეს.
მასალა მოამზადა : თორნიკე ყრუაშვილმა.