ყოველი მართლმადიდებელი მშობლისთვის მნიშვნელოვანია შვილის სარწმუნოებრივი აღზრდა, ამიტომაც ისინი ცდილობენ , რომ ადრეულ პერიოდშივე მიაჩვიონ ეკლესიურ ცხოვრებას და დააკავშირონ რელიგიასთან. როგორც წესი, ოჯახი, რომელიც ქრისტიანული წესით ცხოვრობს, საუკეთესო მაგალითია შვილისთვის- თავადაც მიჰყვეს ეკლესიურ ცხოვრებას, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ეს ყოველივე არ მართლდება. ჩვენს თანამედროვეობაში მშობლებში ძალზე აქტუალურია საკითხი, თუ როგორ მიაჩვიონ მოზარდი ქრისტიანულ ცხოვრებას და ამასთან დაკავშირებით ისმის არაერთი კითხვა.
მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემით, ბავშვის ქრისტიანული წესით აღზრდა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. შესაბამისად თუ დედა მუცლადმყოფ შვილს ქრისტიანულ წიაღში აცხოვრებს(ე.ი მისდევს ეკლესიურ ცხოვრებას) , მისი შვილი აუცილებლად იქნება მგრძნობიარე ეკლესიის, ლოცვებისა და ზოგადად ქრისტიანული ცხოვრების მიმართ.
ქრისტიანულ ცხოვრებასთან დაკავშირების შემდგომი ეტაპი ბავშვის დაბადების შემდეგ იწყება. სასურველია, რომ მშობელმა მას დაარქვას წმინდანის სახელი, ახალშობილი უნდა ატარებდეს ნაკურთხ ჯვარს. როცა ბავშვი წამოიზრდება, მნიშვნელოვანია მშობელმა გააცნოს ეკლესიური ცხოვრების საწყისები: ამ წმინდანის ცხოვრება, ჯვრის ტარებისა და პირჯვრის გადაწერის მნიშვნელობა..რას გულისხმობს აღსარება და მარხვა….
სასურველია, მოზარდმა 6-7 წლიდან შეძლოს აღსარების ჩაბარება და მარხვა ოთხშაბათ-პარასკევს. 12 წლის ასაკიდან კი შესაძლებელია მარხვის მთლიანად შენახვა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საეკლესიო ლიტერატურის მოზარდისთვის გაცნობას, თუმცა ეს უნდა მოხდეს ასაკთან შესაბამისად, მშობელი უნდა მოერიდოს ისეთი საეკლესიო საკითხების წინ წამოწევას, რამაც შესაძლოა დათრგუნოს ბავშვი.
იმისათვის, რომ მოზარდი ქრისტიანულ ცხოვრებას შეეჩვიოს და დაუკავშირდეს, მნიშვნელოვანია , მშობელმა შვილი ადრეულ ასაკშივე შეაჩვიოს მოძღვართან ურთიერთობას, რადგან ამის გარეშე რთულია სასულიერო პირთან პირდაპირ აღსარების ჩაბარება .
მნიშვნელოვანია ყოველმა მშობელმა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული რჩევები განახორციელოს ნაბიჯ-ნაბიჯ ,სათნოებითა და ძალდატანების გარეშე , წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მშობელმა რადიკალურად განსხვავებული შედეგები მიიღოს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: www.ambioni.ge