“პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სიკვდილიანობის დღევანდელი მაჩვენებელი ბუნებრივია, რადგან ინფიცირების რიცხვი მკვეთრად არის გზარდილი. ამირან გამყრელიძემ ის მიზეზებიც დაასახელა, რომელიც სიკვდილიანობის ზრდას განაპირობებს.
„ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა კრიტიკულ მდგომარეობაშია და, დაახლოებით, 400-მდე ინფიცირებული ხელოვნურ ვენტილაციაზეა, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც ხედავთ სტატისტიკიდან, გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდიდან 2-3 კვირაში იზრდება და ვლინდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სიკვდილიანობის დღევანდელი მაჩვენებელი – 49, საქართველოსთვის მაღალია. მან აღნიშნა, რომ გარდაცვალების 29 დღიური შემთხვევა არის ის მაჩვენებელი, რომლის დროსაც ქვეყანაში შეზღუდვების გატარება აუცილებელია, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვები შემსუბუქდება, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.