ქართულმა მართლმადიდებლურმა სამყარომ 13 დეკემბერს წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნა.
ვახტანგ გორგასალი 15 წლის ასაკში აკურთხეს მეფედ. პირველი, რაც მან გააკეთა, იყო ის ,რომ მოიწვია დიდებულები და ესაუბრა ქვეყნის გასაჭირის შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში ქვეყანა მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო. ქართლს სპარსელები შემოესეოდნენ ხოლმე, დიდ საშიშროებას გვიქმნიდნენ ოსები, ბიზანტია კი თავის მხრივ დასავლეთ საქართველოს დაპყრობას ცდილობდა.
მიუხედავად ამ მდგომარეობისა, „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ, რომ ჭაბუკი მეფე ისე მოქმედებდა, როგორც გამოცდილი მოხუცი, როგორც ბრძენი ბრძენთა შორის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვახტანგ მეფის მეოხებით საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია(დამოუკიდებლობა) და დადგენილ იქნა პირველი კათალიკოსი- პეტრე, შემდეგ კი -სამუელი. (ორივე მათგანი ბერძენი იყო)
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II ვახტანგ გორგასალზე აღნიშნავდა: „წმინდა მეფე ვახტანგ დიდი გორგასალი საოცარი ადამიანი იყო; საოცარია მისი ცხოვრებაც. ვახტანგ მეფის მარტო ანდერძიც კმარა მის უკვდავსაყოფად. იმდენად დიდი იყო მისი სულიერება და სარწმუნოება, რომ ანდერძად დაგვიბარა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო!“
წმინდა მეფე სპარსელებთან ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და მალევე უჯარმაში გარდაიცვალა. სიკვდილის პირას მყოფმა მეფემ დაიბარა კათალიკოსი, ოჯახის წევრები , დიდებულები და მოახსენა: „მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძებდით სიკვდილს ქრისტესთვის, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვალი“
ზარისა და გოდებისგან იძროდა მიწა, როცა ერი ქრისტესთვის მოკლულ მეფეს გლოვობდა… იგი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.
წყარო: „საპატრიარქოს უწყებანი“
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.