წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მართლმადიდებლური სამყარო წელიწადში ორჯერ, 12 მაისსა და 13 დეკემბერს აღნიშნავს. იგი ქრისტეს მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო და „ პირველწოდებული“ ეწოდება, რადგან ქრისტემ სწორედ მას მოუხმო პირველად.
უფლის მადლით დაჯილდოვებულმა ანდრია მოციქულმა სახარება არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იქადაგა. გიორგი მთაწმინდელის თქმით, სწორედ ანდრია მოციქული იყო ის, ვინც დააფუძნა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
საქართველოს პატრიარქი, ილია II აღნიშნავს: „წმინდა ანდრია პირველწოდებული განსაკუთრებული მოციქულია; მოციქული, რომელსაც ეწოდება „პირველწოდებული“, რადგან პირველად მას მოუხმო უფალმა. ეს ადამიანი იყო მესათხევლე, მეთევზე და ამით ირჩენდა თავს და თავის ოჯახს“.
სიცოცხლის ბოლომდე ანდრია პირველწოდებულმა იმოგზაურა დედამიწის არაერთ ნაწილში, რათა თავისი ვალი პირნათლად შეესრულებინა და გაევრცელებინა ქრისტიანობა.
მისი ბოლო მისიონერული მოგზაურობა საბერძნეთის ქალაქ პატრაში შედგა. ამ ქალაქში ღვთის ძალით მან არაერთი სნეული განკურნა და უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. იქვე აღესრულა იგი მოწამეობრივად.
ქალაქის ურჯულო ხელისუფალმა მას წამებით სიკვდილი მიუსაჯა. იგი გააკრეს ჯვარზე იმ მიზნით, რომ დიდხანს ეწამებინათ. თუმცა მოციქული ანდრია მდგომაროების შემსუბუქებას კიარ ევედრებოდა უფალს, არამედ ჯვარზე აღსრულებას და ასეც მოხდა.
დღეის მდგომარეობით წმ. ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები ათონის მთაზე, რამდენიმე მონასტერშია დაბრძანებული.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.