საქართველოს საპატრიარქოს ზედამხედველობით თბილისში არსებულ სხვადასხვა ტაძართან ფუნქციონირებს უფასო სასადილოები, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით 2000-მდე ადამიანს აპურებენ. გარდა უფასო სასადილოებისა, სხვადასხვა ტაძართან გახსნილია მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა სახლები და პანსიონები..
თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძართან ფუნქციონირებს სულიერ და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „კენოზისი“, რომელიც მრავალ ადამიანს ეხმარება , როგორც სულიერად, ისე ფინანსურად. თავდაპირველად აქ არსებობდა თონე, სადაც ყოველდღიურად ასობით უფასო პური ცხვებოდა. 2008 წლიდან 30 ადამიანზე გათვლილმა უფასო სასადილომ დაიწყო ფუნქციონირება. დღევანდელი მდგომარეობით აქ კვირაში 5 დღის განმავლობაში 250 ზე მეტ ადამიანს აპურებენ.
თბილისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან 10 წელზე მეტია უპოვართა სასადილოში 400-მდე შეჭირვებულ ადამიანს უმასპინძლდებიან ცხელი სადილით. აქვე ფუნქციონირებს ექვთიმე ათონელის სახელობის სკოლა „ ივერიონი“, სადაც სწავლობს 180-ზე მეტი მოზარდი.
თბილისის კარის წმინდა გიორგის ტაძართან საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით 1994 წლიდან არსებობს მოწყალების სახლი, რომელიც ყოველდღიურად 200-მდე გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განსხვავებული ეროვნებისა თუ მრწამსის მიუხედავად, აქ ყველა ერთნაირად იღებს ნუგეშსა და თანადგომას. 27-ე წელია ეს ადგილი ბევრისთვის შიმშილისგან თავის დაღწევისა და გადარჩენის ერთადერთ საშუალებად რჩება.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსგავსი უფასო სასადილოები და მოწყალების სახლები ფუნქციონირებს არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს თანამედროვეობაში, როცა კოვიდ პანდემია მძინვარებს, მათი როლი და მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება…
წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.