მთავრობის დადგენილებით, რომელიც კოვიდ-პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების წესებს განსაზღვრავს, ოქტომბრის ბოლოდან გათვალისწინებულია სახელფასო დანამატი იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც უშუალოდ არის ჩართული კოვიდის მართვაში, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„საუბარია რეანიმატოლოგებზე, ექიმებზე, ექთნებსა და სხვა დამხმარე პერსონალზე. დეტალურად არის განსაზღვრული, რას ნიშნავს დანამატი. ის განისაზღვრა ბაზისური ხელფასის 50%-ის ოდენობით. კლინიკებმა, რომლებიც ჩართულები არიან კოვიდის მართვაში, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იციან და ეს შრომით ხელშეკრულებებშიც აისახა“, – განაცხადა გაბუნიამ.