ოდესმე გიფიქრიათ , როგორ შეიძლება ადამიანს შემოქმედებითი ნიჭი და მდიდარი შინაგანი სამყარო პროფესიაში დაეხმაროს ? ან როგორ შეიძლება ახალგაზრდა თვითნასწავლმა მხატვარმა ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე ყოფნას მიუძღვნას თავისი ცხოვრება ? ან იქნება ნიჭიერი მუსიკოსის ამბავი გაინტერესებთ, რომელიც თავისუფალ დროს გრაფიკული სტილის პორტრეტებს ქმნის და საყვარელ ადამიანებს ამ საოცარი ნამუშევრებით აბედნიერებს .
თუ ასეა, მაშინ მას გაგაცნობთ, მხატვარს, მუსიკოსსა და მომავალ ექიმს გურიიდან . გიორგი კალანდაძე ოცი წლისაა, ის ლანჩხუთის რაიონ სოფელ სუფსაში გაიზარდა, აქვე დაამთავრა საჯარო სკოლა და სწავლა თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე გააგრძელა. თავისუფალ დროს ხატვა უყვარს, არც მუსიკის ჯადოსნური სამყაროა მისთვის უცხო. გიორგი ფორტეპიანოსა და გიტარაზე ერთნაირი სიამოვნებით უკრავს, საღამოობით კი მეგობრებთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელებს აჟრიამულებს თავისი საოცარი ჰანგებით . შემოქმედებითი ნიჭით ბავშვობიდან გამოირჩეოდა, ამის პარალელურად კი საპასუხისმგებლო პროფესიას ეუფლება და სამომავლოდ ადამიანების გადარჩენაზე აპირებს ზრუნვას. როდიდან დაინტერესდა ხატვით და რაში ეხმარება მას ეს მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო, ამაზე გიორგი თბილისი თაიმსს ესაუბრა :
„ ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, სკოლის ასაკიდან უკვე ვხატავდი. თავიდან პეიზაჟების ხატვით ვიყავი გატაცებული. დაახლოებით 15 წლიდან პორტრეტების ხატვით დავინტერესდი და ამ კუთხით განვაგრძე ეს საქმიანობა.
რაც შეეხება მუსიკას, ჩემი და მუსიკის კავშირი სუფსის სამუსიკო სკოლაში დაიწყო. დავამთავრე ექვსწლედი. ამის შემდეგ, დავინტერესდი გიტარით და მისი შესწავლა გადავწყვიტე. როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ ფორტეპიანოზე მეტად გიტარამ გამიტაცა და დღეს ეს ინსტრუმენტი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე ვერც მეგობრებთან ყოფნა და ვერც სხვა საქმიანობა ვერ წარმომიდგენია .
დიახ, მეგობრებთან ერთად ხშირად ვუკრავ და ეს ჩემი ერთერთი საყვარელი საქმიანობაა. სიმღერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ყოველდღიური რუტინის შემსუბუქებაში მეხმარება. ამავდროულად, სიმღერა შესაძლებლობას მაძლევს ჩემი ემოციები და განცდები გადმოვცე და მსმენელამდე მივიტანო. დიდი ბედნიერებაა, როცა ხალხის ყურადღებას იპყრობ და დადებით ემოციებს იწვევ მათში.
სტიმულს მაძლევს ის, რომ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, რაც ბევრ ადამიანს პოზიტიურად განაწყობს. ამ პერიოდიდან ბევრი დადებითი ემოცია და სამახსოვრო ფაქტი შემომრჩა. ხშირად არის შემთხვევები, როცა გამვლელები ჩერდებიან და ჩვენთან ერთად მღერიან. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი სტიმულია. განსაკუთრებით კარგად მახსენდება შემთხვევა, როცა ჩვენი სიმღერით მოხიბლულმა ხანშიშესულმა კაცმა თავისი ბინის აივნიდან ჯერ გაგვამხნევა, შემდეგ გადაწყვიტა აკომპანირება გაეწია და ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. ეს ნამდვილად საოცარი ემოციები იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება . ამაშია ამ საქმის ხიბლი, სწორედაც.
ხატვის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ერთნაირად წარმატებულად არ მიმდინარეობს ეს პროცესი და საჭიროა შესაბამისი დროის შერჩევა. ხშირად მომდომებია ხატვა მატარებელში, მეტროს ვაგონში, სამსახურშიც კი, თავისუფალ დროს. ისე მიტაცებს ეს საქმიანობა, რომ შემიძლია საათობით ვხატო, თუნდაც ღამის საათებში. ხშირად დამთენებია ხატვაში.
ამ საქმიანობის ბიზნესად გადაქცევას არ ვგეგმავ. ამ ეტაპზე, სწავლაზე ვარ ორიენტირებული და დროის სიმცირე არ მომცემს ამ გეგმის ეფექტურად განხორციელების საშუალებას.
მიფიქრია, როგორი საინტერესო იქნებოდა მუსიკისა და მხატვრობის ნაზავი და ამ ორი ჩემი საყვარელი საქმის გაერთიანება. ნამდვილად მიყვარს ექსპერიმენტები და არც ამაზე ვიტყოდი უარს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესია არ მაძლევს შესაძლებლობას უფრო სერიოზული გეგმები დავისახო ამ კუთხით. ამ ეტაპზე, მუსიკაც და ხატვაც ჩემი თავისუფალი დროის აქტივობებად რჩება.
რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს, სამედიცინო სფერო ბავშვობიდან მაინტერესებდა და თავიდანვე ვიცოდი, ამ პროფესიას უნდა გავყოლოდი. განსაკუთრებული სტიმული ოჯახისგან წამოვიდა და ეს დამეხმარა მეტად დარწმუნებული ვყოფილიყავი ჩემს თავში და მოტივირებული.
ბევრი ფიქრობდა, რომ სამხატვრო აკადემიაში ან კონსერვატორიაში ჩავაბარებდი. ამაზე მეც მიფიქრია, თუმცა კმაყოფილი.და ბედნიერი ვარ საბოლოო გადაწყვეტილებით. მედიცინა ნამდვილადაა ის სფერო, სადაც ჩემს თავს ვხედავ.
ჩემს შემოქმედობითობას, მჯერა, ეფექტურად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში. მუსიკა და ხატვა მეხმარება ადამიანებთან კომუნიკაციაში და საერთო ენის გამონახვაში. ვფიქრობ, ამ უნარს პროფესიაშიც განვავითარებ. ჩემი მუსიკით და ნახატებით ხალხის კმაყოფილებას და დადებით ემოციებს ვიწვევ, მინდა, ჩემს პროფესიაშიც ამ შედეგზე გავიდე.
ამ ეტაპზე, მთავარი გეგმა უნივერისტეტის წარმატებით დამთავრებაა. სწავლის გაგრძელებას უცხოეთში ვგეგმავ და იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვან. „
მხატვარი, მუსიკოსი, ექიმი- ახალგაზრდა გურული სტუდენტის შემოქმედებითობა იმედს გვაძლევს, რომ მომავალში სამედიცინო სფეროში მეტ ესთეტიკას და ხელოვნებას ვიხილავთ, ეს კი ნამდვილად არ აწყენდა ამ სფეროს.
მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ