როგორ წესი, ადამიამები ვცდილობთ, ვაკეთოთ, რაც ყველაზე დიდ ხალისს გვანიჭებს და გვამშვიდებს, გვაბედნიერებს. ვსარგებლობთ შეთავაზებებით და გვაქვს სურვილი, ჩვენც შევთავაზოთ სხვებს საკუთარი იდეები, რესურსი.
წინასაახალწლო პერიოდი არის ეტაპი, როდესაც ჩვენ ვეძებთ ყველაფერს ჯადოსნურს, განსხვავებულს. ამ პირობებში, რას სთავაზობს “ქრაფთსი” საზოგადოებას? დეტალებზე “თბილისი თაიმსს” თამარ მუმლაძე, „ქრაფთს“-ის დამფუძნებელი ესაუბრა.
უფრო დეტალურად, რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ გასართობი და სარელაქსაციო პროდუქცია. რატომღაც გასართობი პროდუქტები ყოველთვის საბავშვოსთან ასოცირდება, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ რომ თითოეული ჩვენგანისთვის ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სტრესული გარემოებებით.
წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ, გაატაროთ დრო საკუთარ თავთან ერთად, სრულ სიმშვიდეში. მცირე ხელსაქმე საშუალებას გაძლევთ, რომ გონებითაც და ფიზიკურადაც დაკავდეთ ამ ერთი კონკრეტული საქმით, რაც კონცენტრაციისა და რელაქსაციისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ან სულაც, შეგიძლიათ, თქვენს შვილებთან ან პარტნიორებთან ერთად გაატაროთ რამდენიმე საინტერესო საათი და სამახსოვროდაც დაგრჩეთ ულამაზესი ნივთი, რომელსაც უკვე ექნება თავისი ისტორია.
“ხატვა ციფრებით” – რა იგულისხმება?
ეს გამოგონება ეკუთვნის ამერიკელ დენ რობინსს, რომელმაც პირველი ნაკრები 1940 წელს შექმნა. პროდუქტი გულისმობს ციფრების მიხედვით ნახატის შექმნას. უფრო დეტალურად, ის მოიცავს სამხატვრო ტილოს, რომელიც დაყოფილია კონტურებად და თითოეულ კონტურს აქვს თავისი ნომერი. თითოეულ ამ ნომერს შეესაბამება თავისი აკრილის საღებავი, რომელიც ასევე დანომრილია.
ვინაიდან რამდენიმე მხატვარმა გვისაყვედურა, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ არის ხელოვნება, ეს არის უბრალოდ განტვირთვისა და გართობის საშუალება.
ნამუშევრებს რის მიხედვით ქმნით?
თავდაპირველად, ნამუშევრები შევარჩიეთ ჩვენი გემოვნებით: კლიმტი, ვანგოგი, ფრიდა, უბრალოდ ლამაზი ხედები და პეიზაჟები – ის, რაც ყველას უყვარს. დღეს კი უკვე სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს, რაც საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ და მოვერგოთ მათ მოთხოვნებს, ამასთანავე, შევთავაზოთ რაიმე ახალიც.
უმეტესად, მომხმარებლებს რა სურვილები აქვთ?
მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს შევთავაზეთ თანამედროვე ილუსტრაციები, მათი სურვილების უმეტესობა უკვე სწორეს ამ თემის გარშემო ტრიალებს. ძალიან უყვართ ემი ჯადისა და Ohkii studio-ს ილუსტრაციები და ნახატებიც ულამაზესი გამოდის. თუმცა, ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნახატი არის ფრიდას თანამედროვე ილუსტრაცია.
ასევე, საკმაოდ ხშირია სურვილები საკუთარი ფოტოსგან შექმნილ ციფრებით ხატვის კომპლექტზე და უკვე რამდენიმე თვეა, ამ სერვისსაც ვთავაზობთ მომხმარებელს. ახლო მომავალში კი უფრო ფართოდ გავაცნობთ ამ პროდუქტს.
საახალწლოდ რა გეგმები გაქვთ?
სულ რაღაც 2-3 დღის წინ დავიწყეთ ადგილობრივი ციფრებით ხატვის დიზაინების წარმოება და მომხმარებელს შევთავაზეთ ახალი, მინი კატეგორია, პატარა ფორმატის ციფრებით ხატვა, გამარტივებული დიზაინებით, რომლის დასრულებისთვისაც 1 საათიც კი საკმარისია. გვაქვს ულამაზესი საახალწლო დიზაინები და უკვე ყველას შეგვიძლია, ჩვენით დავხატოთ საკუთარი საახალწლო დეკორაციები. მიუხედავად ეპიდსიტუაციის გამო შექმნილი დეფიციტისა, ჩვენ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ვერ ვუღალატებთ და მაინც შევთავაზებთ საახალწლო ფასდაკლებებს. ასევე, ვგეგმავთ მცირე საქველმოქმედო აქციასაც, გვინდა – რომ საახალწლო დღეები ყველასათვის ერთნაირად სასიხარულო იყოს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ