ქრისტიანულ მოძღვრებაში სიმბოლოები უძველესი დროიდან გამოიყენებოდა და მას დიდი დატვირთვა ჰქონდა, თითოეული მათგანი ალეგორიული ხასიათს ატარებდა. სიმბოლოთა საიდუმლო მათი ღრმა აზრის დაფარვა და ამასთანავე შეფარვით გაცხადებაა. უხილავი- უმეცართათვის, გაცხადებული კი- მორწმუნეთათვის. და რაც მთავარია, ჩასწვდე სიმბოლოს ნიშნავს-იყო თანაზიარი და მონაწილე უდიდესი გამოცხადებისა.
ქრისტიანული სიმბოლიკა ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანია. ბიბლიაში, როგორც ძველ, ისე ახალ აღქთმაში ამის არაერთი მაგალითი გვხვდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
თევზი ქრისტიანობაში ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული სიმბოლოა, რომელიც თვით ქრისტეს განასახიერებს. იგი ევქარისტული სიმბოლოა. კატაკომბების შესწავლისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს მკაფიო გამოსახულება თევზისა, რომელსაც ზურგზე პურითა და ღვინით სავსე კალათა ჰქონდა მოკიდებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ქრისტეა ადამიანთათვის მომცემი პურის, ხსნისა და ახალი ცხოვრებისა.
მწყემსი კეთილი ქრისტიანობაში ქრისტეს განასახიერებს. გავიხსენოთ სიტყვები: „ მე ვარ მწყემსი კეთილი“( იოანე 10,11). ეს დანიშნულება მიიღო ქრისტეს გამოსახულებამ, რომელსაც მხრებზე ცხვარი ჰყავს მოკიდებული.
ძველ აღთქმაში გხვდება ერთი საინტერესო სიმბოლო- მაყვლის ბუჩქი ( „შეუწველი მაყვალი“). წმინდა წერილის მიხედვით , ქორების მთის მახლობლად, სადაც მოსე თავისი სიმამრის ცხვრებს მწყემსავდა , ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანიდან, რომელიც არ იწვოდა, უფლის ხმა შემოესმა. უფალი ისრაელის ხალხს ტყვეობიდან გამოხსნას სწორედ მაშინ შეპირდა.
ქრისტიანული სწავლებით, ცეცხლწაკიდებული, მაგრამ „შეუწველი“ მაყვალი, სიმბოლოა მარადქალწული მარიამისა.
ძველი აღთქმის დროინდელია ცისარტყელის სიმბოლოც. მაშინ როდესაც უფალმა აღთქმა დაუდო ნოეს, რომ წარღვნას აღარასდროს მოავლენდა, სწორედ ცისარტყელა იქცა ნიშნად მშვიდობისა და შერიგებისა ადამიანსა და უფალს შორის. წმინდა წერილში ნათქვამია- „ ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის“ (დაბადება 9, 13).
მასალა მოამზადა : თორნიკე ყრუაშვილმა.