ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში. განაცხადა პარლამენტის წევრმა, ელისო ბოლქვაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენა მიმდინარეობს.
ელისო ბოლქვაძე სკოლებში მუსიკალური აღზრდის შემოტანის ინიციატივით გამოვიდა.
“მივესალმები იმ სამუშაოს, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრომ პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში გაწია. სატელევიზიო ფორმატები, რომელიც სამინისტრომ დანერგა, მისასალმებელია და ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის. რაც შეეხება შეკითხვას – მაინტერესებს თუ არის რაიმე ბერკეტი გათვალისწინებული ან ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით და მე ჩემი დარგიდან გამომდინარე მინდა ავღნიშნო, რომ საფორტეპიანო დარგში ბევრი რესურსი და დიდი ინტერესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური ასევე პროფესიული, ეს კი ბავშვების კრეატივს და მათი ნიჭის გამომჟღავნებას აზიანებს. საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა და ვფიქრობ, რომ ყველა სკოლაში პროფესიულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდა შემოვიდეს სკოლებში. ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.