პანდემიით გამოწვეული ზარალის შემსუბუქებისა და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით მიზნით სახელმწიფოები, მეტნაკლებად, გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ. გამონაკლისი, ამ მხრივ, არც საქართველოა. მთავრობა სხვადასხვა რაოდენობის დახმარებას, არსებული ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში, დღემდე ეტაპობრივად გასცემს, შესაძლებელია თუ არა ვარაუდი, როგორ აისახება დღეს გაცემული დახმარებები ახლო მომავალში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე? ამ საკითხზე “თბილისი თაიმსი” ეკონომიკის ექსპერტს, იოსებ არჩვაძეს ესაუბრა.
ექსპერტის შეფასებით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები პანდემიასთან დაკავშირებით.
“ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცემულობები გვექნება პანდემიასთან დაკავშირებით – რამდენ ხანს გაგრძელდება, რა მასშტაბის იქნება და ა.შ. სულ ახლახან აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კიდევ ერთი, 900-მილიარდიანი ტრანში ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის პანდემიით გამოწვეული ზარალის საკომპენსაციოდ. ყველა ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს და ჩვენს სახელმწიფოსაც მოუწევს, სანამ არსებითი გადატეხა მოხდება ამ მიმართულებით, პერიოდულად, ფინანსური რესურსებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, დახმარება გაუწიოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც. თუმცა, მასშტაბები, რა თქმა უნდა, შედარებით მოკრძალებულია”, – განმარტავს არჩვაძე.
მისი შეფასებით, ზარალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ითვლიან, რიცხვები კი განსხვავებულია.
“დავაკვირდეთ, ვაქცინაციის შედეგად რამდენად იქნება შესაძლებელი ვირუსის გავრცელების მასშტაბის ჯერ ლოკალიზება და შემდეგ უკვე მინიმიზაცია. მსოფლიოში ითვლიან ზარალს. ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ, დაახლოებით, 8%-იანი კლებაა ეკონომიკის, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს მაჩვენებელი 12 პროცენტის ფარგლებშია. თუ გამოვალთ იქედან, რომ გლობალური ეკონომიკის მოცულობა, დაახლოებით, 130 ტრილიონი დოლარია, საკმაოდ შთამბეჭდავ რიცხვებზე გავდივართ”, – ამბობს იოსებ არჩვაძე ჩვენთან საუბრისას და შეკითხვას, თუ როგორ შეძლო სახელმწიფომ გაცემული თანხების მობილიზება, შემდეგნაირად პასუხობს –
“დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება მოხერხდა სწორედ საზღვარგარეთული სესხების აღების ხარჯზე. ამის გამო სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან, მეტნაკლებად, მისაღებია – 45 პროცენტიდან თითქმის 60 პროცენტამდე გაიზარდა. ბიუჯეტის 2021 წლის გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია თანდათანობით მისი ჩამოყვანა 55 პროცენტამდე, 2024 წლისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტ ვალს გავისტუმრებთ, ვიდრე – ავიღებთ და, თანდათანობით, ვალის სიდიდე კლების ტენდენციით დახასიათდება”.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ