გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე მათ მიმართავს, ვისაც ინტერესი აქვს ფარმაკომპანიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანოს.
„ეს სიგნალი მომივიდა რამდენიმე დღის წინ და საჯაროდ მინდა ვთქვა და ყველა გავაფრთხილო, რომ ზოგიერთი ჯგუფები საქართველოში ფიქრობენ, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდეთ ფარმაკომპანიებთან და რომ ცალკე ვაქცინის შემოტანა იქნება სწორი გზა.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იქნება არასწორი გზა. რასაც ვამბობ შეიძლება ვინმეს ვაწყენინო ან ვინმეს ბიზნეს ინტერესებზე ვაბიჯებ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“-აცხადებს ფხაკაძე.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ის საქართველოს მთავრობას მიმართავს, კაბინეტებში შეხვედრების და მხოლოდ საუბრების ფორმატიდან გამოვიდნენ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რათა ქვეყანა ამ პროცესისთვის მოამზადონ.
„50 000 დოლარიანი ლაბორატორია ვერ ჩამოიტანეს, რომ რა ხარისხის პირბადე გვაქვს ის შეემოწმებინათ და თქვენ ახლა ვაქცინის ხარისხზე მელაპარაკებით?
შესაბამისად ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იქნება, რომ ჯობია მთავრობამ იფიქროს, როგორ დაიწყოს მომზადება ვაქცინაციისთვის და არა საუბარი. დავიღალეთ ამდენი საუბრებით, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. გამოდით კაბინეტებიდან და რეგიონებში ნახეთ რა ხდება.
რაც შეეხება ვაქცინას, ჩვენ უნდა დაველოდოთ კოვაქსის ვაქცინას და უნდა დაველოდოთ ჯანმოს, რომ გვითხრან ეს ვაქცინა და ეს წამალია რეკომენდირებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შემოვიდეს, სხვა შემთხვევაში არა.
ვისაც გაქვთ ინტერესი ნუ გააკეთებთ ამ შეცდომას, დაელოდეთ ჯანმოს რეკომენდაციას, არ აჩქარდეთ“-განაცხადა ტვ პირველთან ინტერვიუში გიორგი ფხაკაძემ.