ნებისმიერი ტიპის მედიასაშუალების შექმნა ბევრ სირთულეს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ აუცილებელია მყარი ბიუჯეტი და ადამიანური რესურსი, ასევე აუდიტორიის მზაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, რეალობის ასახვა და მისი საზოგადოებისთვის ჩვენება არც ისე მარტივი საქმეა, მით უფრო თუ რეგიონზე ვსაუბრობთ.
საქართველოში რეგიონული მედია საკმაოდ განვითარებულია . რეგიონული მედია რუკის მიხედვით, ბეჭდვითი მედიის ტირაჟი და პერიოდულობა განსხვავებულია. გაზეთების საშუალო ტირაჟი 500- დან 1000 ეგზემპლარამდეა, თუმცა ყველას აქვს უფლება მიიღოს სანდო და სარწმუნო ინფორმაცია, ამიტომაც ძლიერი და მონდომებული, ენთუზიაზმით სავსე ადამიანების მხრებზე დგას ბევრ რეგიონში მედიასაშუალებების ფუნქციონირება .
წარმოიდგინეთ შავ-ბნელი 90-იანების დასასრული, გურია, სიცოცხლის სამოსახლოს რა გითხრათ მაგრამ წელში გაუტეხელ გურულებს ისევ სჯერათ და იმედი აცოცხლებთ, ამ დროს ახალგაზრდა , აქტიური ჟურნალისტი ქალაქ ლანჩხუთში დამოუკიდებელ გაზეთს ქმნის და ზუსტად იცის, რომ წინ სირთულეები ელოდება, თუმცა მაინც სჯერა, რომ ცვლილებები ნაბიჯებს მოაქვს და ამ რწმენით ამ რთულ საქმეს ეჭიდება .
21 წლის წინ ნონა გიგინეიშვილმა ლანჩხუთში რიგით მეორე გაზეთი „ ჰო და არა „ დააფუძნა და სწორედ აქედან დაიწყო არდავიწყება. „ გურიაში რა გინდოდა , თუ სიკვდილი არ გინდოდაო „ ცნობილი გამონათქვამი ამბობს და სიკვდილი არა, თუმცა სიმართლე ზოგჯერ დიდი ბრძოლის ფასად გვიჯდება. ეს მასზე კარგად არავინ იცის. გაზეთის შექმნის ისტორიას, რედაქტორობის ამბავსა და რეგიონში ჟურნალისტური საქმიანობის სირთულეებზე თბილისი თაიმს ესაუბრა გაზეთ „ ჰო და არა „ რედაქტორი და დამფუძნებელი ნონა გიგინეიშვილი :
„ რეგიონში ნებისმიერი საქმის კეთება რთულია. რაც შეეხება დამოუკიდებელი მედია საშუალების შექმნას, მიმაჩნია, რომ ეს ურთულესია. ამის მიზეზი არის ის უკიდურესი გაჭირვება, რომელიც რეგიონებში არის. გამომდინარე გაჭირვებისა მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი, იგი ცდილობს თავისი შემოსავლები განკარგოს უკიდურესად აუცილებელ საჭიროებებზე. ვგულისხმობ კვებას და სამედიცინო მომსახურებას.
მხოლოდ ამის შემდეგ იხედება ადამიანი სხვა რამისკენ, იგივე მედიისკენ. მედიასაშუალება, ჩვენს შემთხვევაში გაზეთი რომ მიიღო, გარკვეული თანხა უნდა გადაიხადო, ეს მოსახლეობას უჭირს. არადა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ ხომ თავისი შემოსავლებით უნდა ირჩინოს თავი, დამოუკიდებლობას ხომ თვითდაფინანსება ქმნის. ანუ ეკონომიკურად არ ხარ სხვაზე დამოკიდებული, ესე იგი, ხარ დამოუკიდებელი. გარდა გაზეთის გაყიდვიდან შემოსავლებისა, შემოსავალს იძლევა, და მეტწილ შემოსავალსაც, რეკლამიდან შემოსული თანხები. რეგიონში, სადაც კერძო სტრუქტურა ძალიან ნელა ვითარდება, ფაქტობრივად , არ იქმნება კერძო სტრუქტურები, რომლის საქმიანობას სჭირდება რეკლამა. შესაბამისად ასეთი ტიპის შემოსავალიც ნაკლებია მედიასაშუალებაში.
ურთულესია დამოუკიდებელი მედიასაშუალების ფუნქციონირება რეგიონში და არა მარტო რეგიონში. მიუხედავად ამისა ამ საქმის კეთება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება მაინც შესაძლებელია, თუ სწორად არის მედიასაშუალების მენეჯმენტი გათვლილი. მიმაჩნია, რომ ამის ნათელი მაგალითია ჩემს მიერ დაფუძნებული გაზეთი ,,ჰო და არა”, რომელიც უკვე 21 წელია კვირაში სამჯერ გამოდის საკმაოდ მაღალი ტირაჟით.
როგორც აღვნიშნე ზემოთ, გაზეთი 21 წლისაა. ამდენივე წელია გაზეთს ვრედაქტორობ. ეს იყო ჩემთვის ურთულესი წლები, მაგრამ ძალიან საინტერესოც. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მომწევია, მაგრამ შემიძლია თავაწეულმა ვთქვა, მთავარი პრინციპისთვის არ გადამიხვევია _ მედიის დამოუკიდებლობა. მიმაჩნია, რომ ამ უმძიმეს გარემოში ეს არის გამარჯვება, რითაც გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ვამაყობ.
რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებასთან ამ რთული საქმის შეთანხმებას, ეს მართლაც საკითხავია. მხოლოდ დიდი სიყვარული საქმის, ასევე დიდი შრომისმოყვარეობა მაძლებინებს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არა მეუღლის სწორი დამოკიდებულება ჩემი საქმის მიმართ და სერიოზული გვერდში დგომა, ალბათ შევფერხდებოდი. დავამატებ_ სწორი მიდგომები, რწმენა და მიზანსწრაფულობა ყოველთვის ამართლებს.
პანდემიის პირველი შემოტევის დროსაც და ახლაც გაზეთს მუშაობა არ შეუწყვეტია. იგი კვლავ კვირაში სამჯერ გამოდის. ამ გაჭირვების დროს გაზეთს თითქოს ფუნქცია მოემატა კიდევაც. ადამიანები იმედით ელიან ყველა ახალი ნომრის მისვლას მათ ოჯახებში. ამ საქმეს ჩვენი 60-ზე მეტი გამავრცელებელი ახორციელებს რაიონის მასშტაბით.
ამჯერად დაინტერესებული ვართ გაზეთის საიტისა და ფეისბუქ გვერდის პოპულარიზაციით. იმას, რომ ბევრი სხვა გაზეთივით არსებობა არ შეგვიწყვეტია, სწორ მენეჯმენტთან ერთად ვახერხებთ იმით, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი სტამბა და გაზეთი ადგილზე იბეჭდება.
გურია იუმორის გარეშე წარმოუდგენელია, ამ საოცარ კუთხეში ჟურნალისტურ საქმიანობას ბევრ სირთულესთან ერთად თან ახლავს კიდევ უფრო ბევრი სახალისო ისტორია. ერთერთ მათგანს გავიხსენებ, წლების წინ ერთერთ სოფელში გასვლა გავაკეთეთ. დავდიოდით, ვიძახით ოჯახებში და ვეკითხებოდით მასპინძელს ჰქონდა თუ არა გამოწერილი გაზეთი ,,ჰო და არა”. გამოვიდა ერთი ქალბატონი და როცა შეკითხვა დავუსვით გაზეთის გამოწერის თაობაზე, მჭახედ გვიპასუხა: მქონდა მაგი გაზეთი გამოწერილი, მაგრამ აღარ მაქვს. იმდენი განცხადებას შიგ მიცვალებულების შესახებ აღარ მინდაო. _ გაბრუნდა და წავიდა.
„ კარგით, ქალბატონო, 100 წლის შემდეგ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ვერ მოხვდებით – მეთქი, მივაძახე ქალბატონს.
ჩვენდა გასაკვირად მობრუნდა და მოგვაძახა: _ აჰ, მაგი არ გამუა, სხვაზე ნაკლები ვარ მე? რას ქვია არ მოვხვდები… გამომიწერეთ გაზეთი, უყურე მაგენს შენ?! _ ის ქალბატონი დღესაც ჩვენი გაზეთის ხელმომწერია, ღმერთმა დიდხანს სიცოცხლე უბოძოს მას და მთლიანად ქართველობას. „
მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ