საქართველოში ერთერთი დიდი გამოწვევა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია. ქვეყნის მე-10 მოწვევის პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყო, ოპოზიცია კი არჩევნების შედეგს კვალვ “არალეგიტიმურს” უწოდებს და უარს ამბობს საკუთარ მანდატებზე, რომლებიც მას ამომრჩეველმა მიანიჭა. თუმცა, სულ ახლახან, “პატრიოტთა ალიანსის” სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის პარლამენტში შევა. მიბაძავენ თუ არა მას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და, ზოგადად, რა პროცესებია მოსალოდნელი? აღნიშნულ საკითხზე “თბილისი თაიმსს” პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
“ოპოზიციის ერთი წევრიც რომ იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, უკვე ძალიან დიდი განსხვავება იქნება პოლიტიკურად ერთპარტიულ პარლამენტსა და ერთწევრიანს შორის არა იმიტომ, რომ ამ ერთს რამე მნიშვნელობა აქვს, არამედ იმიტომ, რომ მას შეუძლია, მიკროფონთან მივიდეს და სრულიად განსხვავებული პოზიცია ხმამაღლა გააჟღეროს. რაც მეტი იქნება ასეთი ადამიანი, რომლებიც მრავალფეროვნებას შეიტანენს ერთპარტიული პოლიტიკის პროცესში, მით უკეთესი იქნება. გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, მათი ხმების რაოდენობას ექნება თუ არა გავლენა კენჭისყრაზე”, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, განმარტებით, ოპოზიცია კენჭისყრის ბედს არ წყვეტს, მაგრამ საზოგადოებას ატყობინებს, რა შეიძლება, იყოს მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიციები.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, რთულია იმის პროგნოზირება, შევლენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში.
“ამ შემთხვევაში, პროგნოზირება არის ძალიან რთული. იმდენად ლოგიკას არის მოწყვეტილი ოპოზიციის დიდი ნაწილის დაჯიუტება – გინდა თუ არა, არ შევდივარ პარლამენტშიო, რომ პროგნოზის გაკეთება რთული ხდება, ამისთვის საჭიროა, არსებობდეს ლოგიკა. რადგან რამდენიმე ადამიანი აპირებს პარლამენტში შესვლას, გავაკეთოთ ასეთი პროგნოზი – ალბათ, ეს პროცესი უფრო მასშტაბური გახდება”, – განმარტავს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ