მსოფლიოს სამი უდიდესი რელიგია: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი საკუთარ წმინდა ქალაქად იერუსალიმს მიიჩნევს. სამივე მათგანს ამ ისტორიულ ქალაქთან სხვადასხვა წმინდა ადგილი აკავშირებს. ებრაელთათვის ეს არის გოდების კედელი, ქრისტიანებისთვის ვია დოლოროსა და აღდგომის ტაძარი, მუსლიმთათვის- ალ-აკსას მეჩეთი.
იუდეველებისთვის წმინდაა არა მარტო იერუსალიმი, არამედ მთელი ისრაელი. თორას მიხედვით, ისრაელი არის ღმერთის მიერ საკუთარი რჩეული ხალხისთვის აღთქმული მიწა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იერუსალიმი იუდაიზმის სიმბოლოდ მეფე დავითის შემდეგ იქცა. და თუკი ებრაული სახელმწიფო წყვეტდა არსებობას, იერუსალიმი ინარჩუნებდა სიმბოლურ მნიშვნელობას. ამ ქალაქის მნიშვნელობა პირდაპირ განსაზღვრავს ებრაელთა თვით-აღქმას, გამორკვევასა და ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებას. იუდაიზმში იერუსალიმი აღიქმება, როგორც დედა, რომელიც არის დაქვრივებული , და იმედით აღსავსე, რომ კვლავ შეკრებს საკუთარ შვილებს.
ქრისტიანული სამყაროსთვის იერუსალიმი არის წმინდა ქალაქი, სადაც ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა იესო ქრისტე. ასევე ამ ქალაქშია ის წმინდა ადგილები, სადაც მან ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა, ქადაგებდა და კურნავდა სნეულებს. თეორიულად, ქრისტიანებისთვის ზეციური იერუსალიმი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მიწიერი. წმინდა ადგილებიდან აღსანიშნავია აღდგომის ეკლესია (მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის) და წმ.აკლდამას ეკლესია (კათოლიკეთათვის)
მუსულმანური სამყაროსთვის 638 წლამდე იერუსალიმი მათი ორბიტის გარეთ იყო მოქცეული, ხოლო 638 წელს, როცა ხალიფა ომარმა დაიპყრო იერუსალიმი, სწორედ აქედან იქცა იგი ისლამის მესამე წმინდა ქალაქად მექასა და მედინას შემდეგ. ეს ყველაფერი კი გამოიწვია იმან, რომ ხალიფა ომარმა ებრაული ტაძრის ტერიტორიაზე ააშენა მეჩეთი და მუსულმანთა მიწად გამოაცხადა. ამ ყველაფერს ეფუძნებოდა რწმენა იმისა, რომ მუჰამედმა ზეცაში სწორედ ამ ადგილიდან იმოგზაურა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.