აწყურის ღვთისმშობლის ხატი ყოვლაწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციით, ხატის ისტორია ასეთია:
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო და ექადაგა ქრისტიანობა. ღვთისმშობელს წილად ივერია ხვდა, მაგრამ ახლოვდებოდა მისი მიძინების ჟამი და იესო ქრისტეს გამოცხადებით, მას ანდრია პირველწოდებულისთვის დაუვალებია ივერიაში ქრისტეს ქადაგება.
მარიამ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და სასწაულებრივად, ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა, სწორედ მისივე კურთხევით, ანდრია მოციქული ხატთან ერთად საქართველოში ჩამობრძანდა.
კიდევ ერთი გადმოცემით, როდესაც სპარსელებმა სამცხე დაარბიეს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანეს,თუმცა გზად არაერთი სასწაული იხილეს.
მათი თქმით, ყოველდილით ღვთისმშობლის ხატი მზესავით ბრწყინავდა, ამის შემდეგ გადაუწყვიტავთ ხატის დაბრუნება.
ისტორიის თანახმად, სწორედ ასე დაბრუნდა „აწყურის ღვთისმშობელი“ სამცხეში.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა