წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული ქრისტეს თორმეტი მოწაფეთაგან ერთ-ერთი იყო. წარმოშობით ბეთსაიდიდან. ძმასთან, პეტრესთან ერთად ცხოვრობდა კაპერნაუმში. ძმები მებადურები იყვნენ…
იოანეს სახარების მიხედვით, ანდრია პირველწოდებული იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფეთაგანი, რომელიც შემდეგ პირველი დაემოწაფა ქრისტეს. მოციქულებზე სულიწმინდის მოფენის შემდეგ ისევე, როგორც სხვა მოციქულებმა, ანდრია მოციქულმა დაიწყო ქრისტეს მოძღვრების ქადაგება.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე წმ. მოციქულზე ბრძანებს:
„წმინდა ანდრია პირველწოდებული განსაკუთრებული მოციქულია; მოციქული, რომელსაც ეწოდება „პირველწოდებული“, რადგან პირველად მას მოუხმო უფალმა. ეს ადამიანი იყო მესათხევლე, მეთევზე და ამით ირჩენდა თავს და თავის ოჯახს“.
და აი, ეს უბრალო მესათხევლე ხდება მადლმოსილი მოციქული – ანდრია პირველწოდებული, რომელიც, ღვთის განგებით, მოდის საქართველოში და ქადაგებს სახარებას ჩვენს ქვეყანაში და არ მარტო აქ.
მისი ცხოვრება მრავალი სასწაულითაა აღსავსე. როგორც გახსოვთ, მისი აღსასრული მოხდა საბერძნეთის ქალაქ პატრაში. იგი გააკრეს ჯვარზე, უფრო სწორედ, დააბეს ჯვარზე და ეს იმ მიზნით გააკეთეს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ეწამებინათ.
ბოლოს მტარვალმა გადაწყვიტა, მოეხსნა წმინდა ანდრია პირველწოდებული ჯვრიდან, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო წმიდა მოციქული, რომ მდგომარეობის შემსუბუქებას კი არ ევედრებოდა უფალს, არამედ ჯვარზე აღსრულებას. და ეს ასეც მოხდა.
ჩვენს ეკლესიას დასაბამი დაუდო წმინდა ანდრია პირველწოდებულმა. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ქვეყანა არის მის მიერ მოქცეული.“
წყარო: გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.