თანამედროვე ადამიანების მთავარი მისია იცით რა არის ? ის რომ გარშემო არსებულ ამდენ გამოწვევასა და ინტერესს შორის საკუთარი იპოვოს და ის გააკეთოს, რაც გულით უნდა და გონებით გამოსდის . ჩვენი თანამედროვეობის ხიბლი იცით რაშია ? მეტისმეტად სწრაფი ტემპით გადის დრო და თუ ფეხს ვერ აუწყობ, თუ ცოტა ხნით მაინც შეისვენებ, გვერდზე ისე ჩაგივლის, ზედაც არ შემოგხედავს. უნდა იმარჯვო, ნაბიჯს აუჩქარო და თან ამდენ თავს შორის საკუთარი არ დაკარგო.
რთული ადამიანური მისიაა, თუმცა ცოტა თუ ახერხებს საკუთარ ცხოვრებაში ჰარმონიის პოვნას, თან ერთ კი არა ბევრ საქმეში. იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა 25 წლის მარიამ გურასპაშვილი. როგორც თავად ამბობს მისმა ზოდიაქომ ერთგვარად განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრება და როგორც ნამდვილ „ტყუპებს „ შეეფერება ყველაფერი გაორმაგებული აქვს, მათ შორის პროფესიაც. სამ უნივერსიტეტში სტუდენტობის სტაჟი , ორი ბაკალავრის დიპლომი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქართული ფილოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, საჯარო მმართველობა ჯიპაში, ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხის მოლოდინი და გამორჩეული, საინტერესო მისია – უცხოელი სტუმრებისთვის სამგზავრო პროცედურული მომსახურების გაწევა.
მარიამი საავიაციო სფეროშია დასაქმებული . ის ვიაპი სტუმრების დახვედრის საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს, ასევე მასპინძლობას უწევს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ მნიშვნელოვან სტუმრებს, მათ შორის საქვეყნოდ ცნობილ მომღერლებს, მსახიობებსა და სპორტსმენებს. პარალელურად მოყვარული მსახიობია, ბოლო რამდენიმე წელია დადგმებში იღებს მონაწილეობას , პირველი როლით კი ცნობილ თეატრალურ ფესტივალზე „ ნიღაბი „ ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში გაიმარჯვა და წარმატებას მიაღწია .
როგორ ათავსებს ამდენ საქმეს ერთად და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მეგობრებთან ერთად განტვირთვასაც ახერხებს , ამაზე თბილისი თაიმსს ესაუბრა მსახიობი, ლიტერატურათმცოდნე, CIP აგენტი და მომავალი პედაგოგი მარიამ გურასპაშვილი .
„ ჩემი ორივე პროფესია ჩემს ხასიათს, ინტერესებს და განწყობებს შეესაბამება, ვერც ერთი ვერ დავთმე, შეიძლება ვაღიარო, არჩევანის დროს ვფიქრობდი, რომ ერთი მეტად საინტერესოა და მეორე მეტად აქტუალური. ამიტომაც ორივეს -საჯარო მმართველობასა და ფილოლოგიას შევეჭიდე.
სხვათა შორის ძალიან კარგად კვეთს ეს ორი სფერო ერთმანეთს, ლიტერატურა ყველა სფეროს ამდიდრებს და ეხმარება. ქვეყნის დესპანობისას ერის ლიტერატურაზე მეტად რა გამოდგება?! -იმ სფეროებს, კი, რომელსაც სახელმწიფო მმართველი უნდა მართავდეს ყველაზე უკეთ ლიტერატურა გაგაცნობს, მიხვდები რა სფეროს რა მნიშვნელობა აქვს და როგორი მიდგომაა საჭირო. სამაგალითოდ- ფილოლოგი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გვყავდა.
ნათქვამის შემდეგ ,ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ჩემი სამუშაო საქმიანობა ავიაციას უკავშირდება, ამჟამად, ვმუშაობ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საკმაოდ საინტერესო, საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ჩამოფრენილ მგზავრებთან ქვეყნის უმოკლედ გაცნობაში, აეროპორტის სახელი კარგად მეხმარება, “ვეფხისტყაოსნის” ავტორის შესახებ მოკლე-დიდი ამბავი, ჩემს ქვეყანაზე პირველ შთამბეჭდავ შეხედულებას ტოვებს, ამ დროს მგონია, რომ ჩემს ორივე პროფესიას ქვეყნის სასარგებლოდ ვიყენებ, რაც მახარებს. ჩემი საინტერესო საქმიანობიდან გამომდინარე ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი და ამ დროის განმავლობაში მასპინძლობა გავუწიე ისეთ გამოჩენილ პიროვნებებს, როგორებიც არიან მსახიობი ჯიმ სტარჯესი, მევიოლინე დევიდ გარეტი, მსახიობი ჯორდი მოლა , ჩემპიონ სპორტსმენებსა და კიდევ ბევრ სხვას.
პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, თუმცა, მანამდე ძალიან დატვირთული იყო ჩემი დღე. სამუშაო დღე-ღამის შემდეგ პირდაპირ უნივერსიტეტშიც წავსულვარ, განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში, იქიდან თეატრალურის რეპეტიციებზე, საღამო კი განტვირთვისთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გამიტარებია. მიკვირს როგორ ვასწრებდი ამდენს, თუმცა მაინც ის დრო მენატრება.
ახლა ონლაინ ვსწავლობთ, სეირნობის დრო კომენდანტმა შეცვალა, სახლში თავისუფალ დროს, ხან ვხატავ, ხან ვქსოვ, ხან, რა თქმა უნდა, ვკითხულობ და ვწერ. კიდევ, ფოტო გადაღებისთვის ყოველთვის მაქვს დრო .
ეს რამდენიმე სხვადასხვა სახის და ხასიათის საქმე არ არის მარტივი, ნამდვილად, თუმცა მრავალფეროვნება მიყვარს, უფრო მამხნევებს, ერთის განტვირთვისთვის მეორე მეხმარება, მეორეს მესამე აძლიერებს, ახალისებს და ასე, განწყობა და ტემპი ყოველთვის შენარჩუნებულია. ბავშვობიდან ასეთი დატვირთული ვიყავი, ალბათ მიჩვეული ვარ. სკოლის მერე სხვადასხვა წრეზე დავდიოდი, ცეკვა, მუსიკა, ხატვა, უცხო ენები, არც მაშინ მქონდა თავისუფალი დრო, ესაა ზუსტად თავისუფლება, განვითარების შესაძლებლობა და სურვილი. ბევრ ემოციაში ცუდი არაფერია, ადამიანს ეხმარება განვითარებაში,საკუთარი თავის და სამყაროს გაცნობაში .
თუ თითოეულ საქმეს ინტერესით, სიხარულით, მოტივაციით მიუდგები არაფერია რთული, იმ დაღლაშიც შეიძლება ახლის ძებნა, მე , როგორც მკითხველს ან ავტორს მომწონს ერთად ბევრი ამბავი, დეტალები ურთიერთობების, კომუნიკაციების. ხან რაღაც გამოვა, ხან რაღაც ვერ, ასეთია ნამდვილი ცხოვრება.
წარმატებაზე საუბარი მეუხერხულება, თუმცა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა უკვე წარმატებაა, როცა გგონია რომ შეუძლებელი არაფერია და ამტკიცებ რომ, ყველაფერი გამოვა. სირთულე არის ის რომ დამღლელი დღის შემდეგ, ადამიანური განწყობის, ემოციების შენარჩუნება შეგეძლოს , ვიღაც ისევ გიყვარდეს, გენატრებოდეს, გაკვირვებდეს, უთანაგრძნობდე, და ა.შ.
უახლოეს მომავალში კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროგრამას დავასრულებ, ვსწავლობ განათლების ფაკულტეტზე, ამის შემდეგ შემეძლება სხვებისთვის სწავლება, ჩემი საყვარელი საქმის და საგნის- ქართული ენა და ლიტერატურა, და არა მარტო .
ისეთი არაპროგნოზირებადი გახდა სამყარო წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სურვილი კი ბევრია, თუ მოვიცლი და ჩემს წიგნს გამოვცემ, ლექციებს წავიკითხავ, კულტურასთან კავშირს არ გავწყვეტ, თან საყვარელ ადამიანებს გვერდით ვეყოლები, მაშინ ვისაუბრებ წარმატებაზე. ვისურვებდი მშვიდობას ქვეყანაში და გამოწვევების მრავალფეროვნებას ჩემს ცხოვრებაში. მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდით. „
მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ