ქრისტეს შობას, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ზოგიერთი მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის ქართულიც, 7 იანვარს აღნიშნავს.
ქრისტეს შობა უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს, პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვები, ვარსკვლავთმრიცხველებიც, მივიდნენ, რომლებიც იქ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ უფლის შობის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები საუბრობდნენ.
ქრისტეს შობის დღესასწაულს საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან მიეცა.
საშობაო მსახურება, ოთხშაბათს, 6 იანვარს, 23:00 -ზე დაიწყება, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი, ილია მეორე.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.