ქრისტეს შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია ალილო, რომელსაც საქართველოში მრავალწლიანი ისტორია აქვს. იგი კომუნისტური რეჟიმის დროს დარღვეული იყო , თუმცა 1990-იანი წლებიდან საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ ალილოს ტრადიცია კვლავ აღადგინა.
ზოგადად, ალილოს სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ, როცა საზეიმო მსვლელობაში სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ერთიანდება.
ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში მას გარკვეული თავისებურებანი გააჩნია.
თვითონ სიმღერა „ ალილო“ ქართული საწესო სიმღერაა, რომელსაც რამდენიმე კაცი ერთდროულად ასრულებდა და ასე, სიმღერით ულოცავდა მასპინძელს. სამაგიეროდ მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა ( აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი- სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ალილოს ყველაზე გრანდიოზულად აღნიშნავენ. საშობაო ლიტურგიის შემდეგ, სურსათ-სანოვაგით დახუნძლული მრევლი ებმება საზეიმო მსვლელობაში. ამასთანავე, გზადაგზა გროვდება შესაწირი, რომელიც მოგვიანებით გაჭირვებულ ადამიანებს ურიგდებათ. ძველი ტრადიციიის თანახმად, ალილოზე ქრისტეს მახარობლები მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ და რომელ ოჯახშიც დაათენდებოდათ, იქ აგრძელებდნენ ლხინს, შეგროვილ სანოვაგეს კი ქვრივ-ობლებს ურიგებდნენ.
ალილოს ამგვარი მსვლელობა ბოლო ოცი წელია უწყვეტად იმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა მხარეში, თუმცა დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ალილოს მსვლელობა არ მოეწყობა, მიუხედავად ამისა, ისევ შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.