ისევე, როგორც ყველა სხვა ეკლესიას, რომის კათოლიკურ ეკლესიასაც თავისი იერარქიული წყობა გააჩნია.
კათოლიკურ ეკლესიაში უმაღლესი ძალაუფლება რომის ეპისკოპოსის, ანუ პაპის ხელშია თავმოყრილი. პაპის საბჭოს უშუალოდ წარმოადგენს კარდინალთა კოლეგია და საეპისკოპოსო სინოდი. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ აპარატს, რომელიც პაპს ემსახურება, კურია ეწოდება და იგი ვატიკანში მდებარეობს.
რაც შეეხება ღვთისმსაურებას , აქ იერარქია ასეა განაწილებული: რომის პაპი, ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი. როგორც წესი, მღვდლები და დიაკვნები ეპისკოპოსთა დამხმარეები არიან. ღვთისმსახურების უფლება გააჩნიათ, როგორც მღვდლებს, ისე დიაკვნებსა და თავისთავად ეპისკოპოსებს.
რომის ეკლესია შედგება ცალკეული ადგილობრივი ეკლესიებისგან,, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმითა და სტრუქტურით. ადგილობრივი ეკლესია შესაძლოა იყოს დიოცეზი, ანუ ეპარქია, ანდა მასთან გათანაბრებული პრელატურა, სააბატო, პრეფექტურა, ადმინისტრაცია. ასევე, რამდენიმე ეპარქია ერთად შეიძლება გაერთიანებული იყოს მიტროპოლიაში, რომელსაც მიტროპოლიტის ხარისხის მქონე ეპისკოპოსი მეთაურობს.
ისტორიულად მნიშვნელოვანი ან დიდი ეპარქიების ხელმძღვანელები ატარებენ არქიეპისკოპოსის წოდებას, გამონაკლის შემთხვევებში კი პატრიარქის ტიტულს.
არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა რამდენიმე ეკლესია ერთიანდება ე.წ „საკრებულოებად“ და ამგვარი ტიპის კავშირს წარმოქმნიან.
როგორც ვნახეთ, რომის კათოლიკურ ეკლესიას მართლაც რთული, მრავალფეროვანი და ამავედროულად საინტერესო სტრუქტურა გააჩნია.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა