რომის კათოლიკური ეკლესიისთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელი იყო მისიონერობა.
მისიონერობა ზოგადად წარმოადგენს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციებისა თუ ეკლესიების მოღვაწეობის ერთ-ერთი ფორმას, რაც უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს სხვა სჯულის მიმდევართა მოქცევას და განდგომილთა ეკლესიაში დაბრუნებას.
კათოლიკე მისიონერები იყვნენ ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გერმანელი ფეოდალები თავიანთ კოლონიურ ექსპანსიას ქრისტიანობის გავრცელებით ნიღბავდნენ.
გარდა ამისა, ესპანეთსა და პორტუგალიაში კოლონიური იმპერიების წარმოქმნის შემდეგ კათოლიკე მისიონერები ენერგიულად ეხმარებოდნენ კოლონიზატორებს ახალი მიწების დაპყრობაში. კათოლიკური მისიონერების სახელმძღვანელოდ პაპმა გრიგოლ XV-მ 1622 წელს დააარსა სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაცია.
კათოლიკური მისიონერობის მთავარი არსი გახლდათ ქრისტიანობის ფართოდ და მასობრივად გავრცელება. ამისთვის კათოლიკურ ეკლესიას ხშირად ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობებიც აქტიურად ეხმარებოდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისიონერობის მთავარ საშუალებებს სკოლები და ორდენები წარმოადგენდა.
კათოლიკე მისიონერები თავიანთი მიზნებით იმყოფებოდნენ საქართველოშიც. პირველმა კათოლიკე მისიონერებმა საქართველოში შემოსვლა იწყეს XIII საუკუნიდან. ჯერ კიდევ 1329 წელს მათ რომის პაპის, იოანე XXII-ის ბრძანებით, თბილისში სმირნიდან, იგივე იზმირიდან, გადმოიტანეს ოსმალების მიერ შევიწროვებული კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო ცენტრი.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.