საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ღმერთმა გველი და ფარშევანგი განდევნა სამოთხიდან. ამ ფაქტის გარშემო არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი მსჯელობს იმაზე, რეალობაა თუ მითი აღნიშნული ფაქტი.
საკმარისია ბიბლიას, კერძოდ ძველი აღთქმის პირველ თავს, „დაბადებას“, გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ეს ფაქტი არსად არ ფიქსირდება.
აღნიშნული მოვლენა სინამდვილეს რომ მივაკუთვნოთ, საჭიროა წმინდა წერილში ამის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი მაინც ფიქსირდებოდეს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკრეტულად ფარშევანგი ბიბლიაში საერთოდ არ არის ნახსენები, ამიტომაც ღმერთის მიერ მისი სამოთხიდან განდევნაზე საუბარი ზედმეტია.
იგივეს ვერ ვიტყვით გველზე. „დაბადებაში“ გველი მართლაცაა ნახსენები.- „გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა“(დაბადება 3:1)
ძველი აღთქმის მიხედვით, სწორედ გველმა შეაცდინა და უბიძგა ეჭამა ღმერთის მიერ აკრძალული ხილი. –„ უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით“ (დაბადება 3:4)
მართალია გველი ძველ აღთქმაში ფიქსირდება, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით განდევნა თუ არა ღმერთმა ის სამოთხიდან, რადგან ამას წმინდა წერილის მიხედვით ვერაფრით დავამტკიცებთ.
რაც შეეხება ღვთის მიერ გველისთვის მოვლენილ სასჯელს, „დაბადებაში“ ვკითხულობთ: „უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე“ (დაბადება 3:14). თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ როგორც უფლის წყევლა, ეს გახლავთ ის „განაჩენი’ , რომელიც უფალმა ღმერთმა გველს გამოუტანა, ვინაიდან სწორედ ამ არსებამ აცდუნა ევა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.