Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებით დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იქნება – შესაბამის ცვლილებებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი საკნონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის ავტორებიც დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო არიან.
კანონპროექტის მიხედვით, აცრების შემდეგომი/გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას.
“განახლებული საკანონმდებლო ნორმები სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, ეპიდემიის და პანდემიის პირობებში შესაბამისად იმოქმედოს. ამავდროულად, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ვაქცინით მოსარგებლე პირთა უფლებების უკეთ რეალიზაციას, რამდენადაც კანონპროექტი კონკრეტულად საზღვრავს ფარმაცევტული პროდუქტის (ვაქცინა ან მედიკამენტი) გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელ მხარეებს”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში და აქვე საერთაშორისო პრაქტიკაზეც არის საუბარი.