ქრისტიანული ტაძრის აგებულება საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტაძრის თითოეულ დეტალს კონკრეტული სიმბოლური დატვირთვა გააჩნია.
ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარი მსგავსია ძველაღთქმისეული ტაძრისა. ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარი სამ ნაწილად იყოფა:
- საკურთხეველი
- ტაძრის შუა ნაწილი
- სტოა (კარიბჭე)
ტაძარში საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. როგორც წესი, საკურთხეველში მხოლოდ ღვთისმსახურნი დაიშვებიან და სწორედ იქ აღესრულება წირვა-ლოცვის ყველაზე იდუმალი ნაწილი.
მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველი იგება აღმოსავლეთის მხარეს, საიდანაც ამოდის მზე. უფალი იესო ქრისტეა ჩვენი აღმოსავალი, საიდანაც აშუქებს სწორედ ღვთიური ნათელი. გარდა ამისა, არსებობს ტრადიცია, რომ როდესაც ქრისტიანი ლოცულობს, პირს აღმოსავლეთის მხარეს იბრუნებს, რაც სიმბოლურად წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ ლოცვას გულისხმობს. საკურთხეველში ოთხი ძირითადი ადგილი გამოიყოფა: წმინდა ტრაპეზი, მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი, სამკვეთლო და სადიაკვნო.
ტაძრის შუა ნაწილი ძველაღთქმისეულ ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირებისთვის იყო განკუთვნილი, დღესდღეობით კი იქ ლოცულობს ყოველი ქრისტიანი, რამეთუ ყველასთვის ღიაა სასუფეველი.
ქრისტიანული ტაძარი უმეტესად ჯვრის ფორმისაა, რაც იმის სიმბოლოა, რომ ჯვარზე წამებით გვიხსნა უფალმა იესო ქრისტემ. ხშირად ეკლესია ნავისებურია, რაც სიმბოლურად გულისხმობს იმას, რომ ტაძარი , მსგავსად ნოეს კიდობნისა, მიგვაცურებს ცხოვრების ოკეანეში სასუფევლის მყუდრო ნავსაყუდელისკენ. არსებობს შემთხვევები, როცა ტაძარი წრიული ფორმისაა, რაც ქრისტეს ეკლესიის მარადიულობის სიმბოლოდ აღიქმება.
ჩვეულებრივ, ტაძარს აგვირგვინებს გუმბათი, რომელიც ზეცის სიმბოლოა. გუმბათზე ყოველთვის ჯვარია აღმართული-იესო ქრისტეს სადიდებლად. ხშირად ტაძარს რამდენიმე გუმბათი აქვს. ორი გუმბათი სიმბოლურად ქრისტეს ორბუნებოვნებას გულისხმობს.
ტაძრის განუყოფელი ნაწილია სამრეკლო, საიდანაც ზარების რეკვით მორწმუნეებს უხმობენ სალოცავად, ანდა რეკავენ ზარებს ღვთისმსახურების უმთავრესი მომენტების დროს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა