ისლამში, გარდა სხვა მიმდინარეობებისა, არის ორი ძირითადი მიმდინარეობა, რომელთაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ეს არის შიიზმი და სუნიზმი. თუ რა გახდა ისლამური სამყაროს ამ, ორ ძირითად ბანაკად გაყოფის მიზეზი, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
მოციქულის გარდაცვალებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ მუსლიმთა საკრებულოს ერთიანობა დაირღვა. დაისვა კითხვა, თუ ვის უნდა რგებოდა მოციქულის მემკვიდრის, ე.ი. ხალიფის, პატივი. მორწმუნეთა უმრავლესობა პიროვნულ ღირსებას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი კი – შთამომავლობას, გენეტიკურ მემკვიდრეობას. გაიმარჯვა პირველმა პარტიამ და მოციქულის მოსაყდრედ ჯერ აბუ ბაქრი გამოცხადდა, შემდეგ ომარი და შემდეგ – ოსმანი. როდესაც მეოთხე ხალიფის არჩევის დრო დადგა, ის პარტია გააქტიურდა, რომელიც მემკვიდრეობითობის პრინციპს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ პარტიამ მაშინ წარმატება მოიპოვა. რადგან მუჰამადს ვაჟი არ დარჩა, ხალიფად მისი ბიძაშვილი და სიძე, ქალიშვილ ფატიმას ქმარი, ალი იბნ აბი ტალიბი გამოაცხადეს. დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც ალი შეიწირა: 661 წლის 21 იანვარს ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ქუფის საკრებულო მეჩეთში იგი სასიკვდილოდ განგმირა. ალი მოწამედ გამოაცხადეს და იქვე დაკრძალეს. ეს საფლავი (ქნაჯიფი) დღემდე ალის სულიერ მემკვიდრეთა (შიიტთა) სათაყვანებელი ადგილია.
აღნიშნული (661) წლიდან მუსლიმთა სამყარო ორ ბანაკად გაიყო: სუნიტებად და შიიტებად. ორივე არაბული სიტყვაა: „სუნა“ წმ. გადმოცემას (ტრადიციას) ნიშნავს, „შია“ – პარტიას, ამხანაგობას პირველნი თავიდანვე უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მეორენი დღესაც უმცირესობაში არიან. შიიტები კანონიერ ხალიფად მხოლოდ მუჰამედის ასულის, ფატიმას, და მისი მეუღლის, ალის შთამომავლებს მიიჩნევენ. ისინი დღესაც აღიარებენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდ აცხადებენ არაბეთის პირველ ხალიფებს – აბუ ბაქრს, ომარს, ოსმანსა და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს „სუნას“ ის ვერსია, რომელიც პირველი სამი ხალიფის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს და სახელმძღვანელოდ გამოაცხადეს.
სუნიტები მსოფლიო მუსლიმური მოსახლეობის 83%-ს შეადგენენ, შიიტები – 16%-ს. შიიტები უმრავლესობაში სამ ქვეყანაში არიან – ირანში, აზერბაიჯანსა და ერაყში.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.