14 იანვარი მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია, როგორც მაცხოვრის, იესო ქრისტეს, წინადაცვეთის დღე.
წინადაცვეთა ჩვენისა უფლისა იესო ქრისტესი ლუკას სახარებაშია აღწერილი. უფლის წინადაცვეთა ქრისტეს დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა და ქრისტიანულ სამყაროშიც ეს დღე ქრისტეშობიდან მერვე დღეს აღინიშნება. ძველ იუდეველთა რწმენით, წინადაცვეთა ღვთის რჩეული ხალხის კუთვნილებას გამოხატავდა. ბიბლიიდან ცნობილია ფაქტი, რომ წმინდა ღვთისმშობელმა და იოსებმა იესო ტაძარში წინადაცვეთისთვის მიიყვანეს და ეს წესიც აღასრულეს.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რა საჭირო იყო, რა მნიშვნელობა ჰქონდა უფლის წინადაცვეთას? ეს მოვლენა მიგვანიშნებს იმაზე, რომ რვა დღის ბავშვი არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ხორცით წინადაიცვითა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისთვის უფლის მიერ მიცემული აღთქმის მოსაგონებლად: „რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე“ (დაბადება 17:12)
შობიდან მერვე დღეს უფალმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. ამით მან დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. სწორედ ამ წესის აღსრულებისას დაერქვა სახელი-იესო, რომელიც ყოვლაწმინდა ქალწულს მთავარანგელოზმა აუწყა მის ჩასახვამდე. („იესო“ სწორედ მაცხოვარს ნიშნავს)
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლისღების საიდუმლომ შეცვალა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.