ბასილი დიდი, იგივე ბასილი კესარიელი, დაიბადა 330 წელს კაპადოკიაში. იგი იყო ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის წმინდა მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი და მწერალი, ასევე გრიგოლ ღვთისმეტყველის მეგობარი.
სწავლობდა კესარიაში, კონსტანტინოპოლისა და ათენის ფილოსოფიურ სკოლებში. დაახლოებით 30 წლის ასაკში მიიღო ქრისტიანობა და იმოგზაურა ცნობილი განდეგილების მოსანახულებლად სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში.
370 წელს გახდა კესარეის ეპისკოპოსი, ამასთანავე კაპადოკიის მიტროპოლიტი და პონტოს ეგზარქოსი. იგი მთელი ძალით ცდილობდა აღმოსავლეთის ეკლესიის მსახურების შერიგებას დასავლეთის ეკლესიასთან.
ბასილი დიდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში. მისი უმთავრესი თხზულებები ქართულად უთარგმნიათ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებს, ეფრემ მცირესა და სხვებს.
არსებობს მოსაზრებაც, რომ იგი ეროვნებით კაპადოკიელი ქართველი უნდა ყოფილიყო.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.