გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის მიზანია განათლებისა და კულტურის გავრცელება, ამასთანავე მეცნიერების განვითარება, ისტორიულ, მატერიალურ და არამატერიალურ ძეგლთა დაცვა და სხვა…
დღესდღეობით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1073 ძეგლია, მათ შორის, ქართული -3.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შედის მცხეთის ისტორიული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს სამ ტაძარს: მცხეთის ჯვარს, სვეტიცხოველსა და სამთავროს. კომპლექსი იუნესკოს სიაში 1994 წელს შეიტანეს, თუმცა მოვლა-პატრონობის სისტემისა და არათანმიმდევრული განაშენიანების გამო, ისინი 2009 წელს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.
მეორე ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს ნუსხაში ასევე 1994 წლიდანაა შესული, გახლავთ გელათი. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თავის დროზე გელათის კომპლექსთან ერთად ბაგრატის ტაძარიც შევიდა იუნესკოს ნუსხაში, თუმცა 2017 წელს ბაგრატის ტაძარი, რეკონსტრუქციის გამო, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ 2010 წელს იუნესკომ ბაგრატიც და გელათიც მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს, თუმცა 2017 წელს გელათი ამ ნუსხიდან ამოიღეს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.