თითოეული სიტყვა თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. ინდივიდურია მდგომარეობაც, რომელიც კონკრეტულ ფრაზას შეიძლება, ახლდეს. რაც უნდა იყოს, ახლობელი თუ უცნობი ადამიანის მიერ ნათქვამ გამამხნევებელ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს.
ნიკა ჯიაძე ბლოგერია. ზუსტად მცირე ბლოგმა განაპირობა, დაესახა გრანდიოზული მიზნები. მოულოდნელი იყო პირველი ნაბიჯი და ის გამოხმაურება, რაც მას მოჰყვა. შედეგად, მან წამოიწყო კამპანია – #გამოხატე, რომელიც არაერთი ადამიანის ყოველდღიურობასა და ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს. დეტალებს ნიკა “თბილისი თაიმსს” თავად ესაუბრა.
დეტალურად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს თქვენი სტარტაპი?
ყველაფერი პატარა ბლოგით დაიწყო, რომლისგანაც არაფერს ველოდი. დავწერე, გრაფიკული ნამუშევრები დავურთე და ჩავხურე. ზუსტად ერთ საათში დავხედე და თვალებს არ ვუჯერებდი, ათასს ადამიანს ჰქონდა გაზიარებული. დღის ბოლოს ოთხჯერ მეტს.
მაინც რას აზიარებდა ხალხი? უბრალო ალტერნატიულ სიტყვებს, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის დღის განწყობის შეცვლა – ნაცვლად სიტყვებისა – „შეიძლება, მოვიცალო”, უთხარი: შენ გვერდით ვარ. „უბრალოდ მოკითხვა მინდოდა” – არა, მომენატრე.. რაც უნდა მოხდეს, წინ იარე; გაბედე! წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე და ა. შ. ეს ყველაფერი კი მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რატომ? დიდი ძალა აქვს სიტყვას, განსაკუთრებით – კეთილს. და ასე დაიწყო კამპანია #გამოხატე, რომელიც შთააგონებს ადამიანებს და უდიდეს მოტივაციას აძლევს მათ.
კამპანია #გამოხატე რა კავშირშია თქვენს საქმიანობასთან?
მინდოდა, ეს კამპანია გადაზრდილიყო უფრო დიდ მოძრაობაში, რისთვისაც გადავწყვიტე, შემექმნა საიტი (Gamoxate.ge) მეგობრებთან ერთად, შემდეგ ქუჩის მხატვრობაზე გადასვლა, შემდეგ კი უამრავი ადამიანის დახმარებით დაიბეჭდა ჰუდები ზუსტად ამ წარწერებით – არა მოგებისთვის, არამედ უფრო აღმატებული მიზნისთვის – შთაგონებისთვის.
მოთხოვნის ზრდის ფონზე, წამოვიწყე სტარტაპი, სახელად A’DEO.
რომელიც აწარმოებს არა უბრალოდ კარგ და ხარისხიან პროდუქტს, არამედ – შინაარსობრივსა და შთამაგონებელს. პრაქტიკულად, მთელი დღე შთააგონებ ცალკეულ ადამიანებს სამოტივაციო ფრაზებით. ქუჩებში გაკვირდებიან, ფიქრდებიან, იღიმიან. ერთხელ ჰუდი მეცვა წარწერით – „წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე”, ერთი ადამიანი მოდის და მეუბნება: „ეს სიტყვები მჭირდებოდა”. უბრალოდ, სასიამოვნოა!
უახლოესი მომავლისთვის რა გეგმები გაქვთ?
რა იქნება მომავალში? ვეცდები, გავრცელდეს ფრაზები, ბლოგები, პროდუქტები და ყველაფერი, რაც შთააგონებს და ამხნევებს, მთავარი არაა მოგება, არამედ ადამიანთა სურვილებსა და მოთხოვნებზე პასუხი. ყოველთვის ვცდილობ, გამოვიცნო ადამიანის მდგომარეობა კონკრეტულ პერიოდსა თუ დროებაში. რაც უნდა მოხდეს, წინ მივდივარ და ველოდები შთაგონებას ყველაფრისგან, ყველაზე მეტად კი – ღვთისგან, სახელიც ამიტომ დავარქვი – A’DEO.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ