საქართველოს, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს, მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს.
ნათლისღება თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღესასწაულს ღვთის გამოცხადების დღესაც უწოდებენ, რადგან ყოვლაწმინდა სამება გამოცხადდა, ასევე დაწესდა ნათლობის საიდუმლო. ცნობილია, რომ ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როცა იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ გადააგდებს ჯვარს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლისას.
წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.
ნათლისღებას და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით.
მორწმუნეები,როგორც წესი, ნაკურთხი წყალს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.