ასურელი მამები წარმოადგენდნენ საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელიც VI საუკუნეში შემოსულა საქართველოში სირიიდან. ისტორიულ წყაროებში ისინი იხსენებიან, როგორც „ათორმეტი“ ან „ათსამმეტი ასურელი მამანი“. სინამდვილეში, ისინი ბევრად მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის ნახსენები.
ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, ასურელი მამები დიოფიზიტები იყვნენ. საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე იყო იოანე ზედაზნელი. მანამდე, პირველად, VI საუკუნის I ნახევარში ქ.ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდგომ, შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოსწავლეების თანხლებით, ბოლოს კი, უკვე 70-იან წლებში აბიბოს ნეკრესელი.
ისტორიამ, ზემოთ დასახელებული მამების გარდა, შემოგვინახა სხვა ასურელ მამათა ვინაობაც. ესენია: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულიმბოელი და სხვანი..
აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, წარმართული მოსახლეობა ქრისტიანობაზე მოაქციეს. მათი საქმიანობა ნიადაგს უმზადებდა განმათავისუფლებელ ბრძოლებს ირანის წინააღმდეგ, განამტკიცებდა ბერძნულ-ბიზანტიურ ორიენტაციას კულტურულ-პოლიტიკურ სფეროში.
გარდა ამ ყველაფრისა, ასურელი მამების მოღვაწეობა მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყო უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას.
ასურელი მამებისა და მათი მოღვაწეობის შესახებ შეიქმნა ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა.(ასურელ მამათა ცხოვრებანი)
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.