“ჰარი პოტერისა” და მისი ჯადოსნური სამყაროს გულშემატკივართა რიცხვი არათუ იკლებს, პირიქით, ყოველდღიურად მზარდია. მისი ისტორიები, ამბები უფროდაუფრო საინტერესო ხდება. მიმზიდველმა თავგადასავლებმა ასაკობრივი შეზღუდვა არ იციან. მეტიც, მოსაზრებები “ჰარი პოტერის” სამყაროს შესახებ საინტერესოდ განსხვავებულია.
“პოტერჰედი” იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისთვისაც ჰარისა და მისი მეგობრების ისტორიები განსაკუთრებულია. მისი დამფუძნებლები, ნინა ბიჩინაშვილი და თაკო გახოკიძე პასუხობენ “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს.
“პოტერჰედი ის ადამიანია, ვისაც ძალიან უყვარს “ჰარი პოტერი” და ჯოან როულინგის მიერ შექმნილი ჯადოსნური სამყარო, სადაც ყოველთვის იმარჯვებს სიკეთე და მეგობრობა.
ჩვენ, ორ მეგობარ პოტერჰედს დიდი ხანია, გვინდოდა ისეთი მაღაზიის გაკეთება, სადაც შეძენილი ნივთებით ადამიანები ერთმანეთის გაბედნიერებას შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი საყვარელი თემატიკის მიხედვით შეგვექმნა ჯადოსნური სასაჩუქრე ნაკრებები. თუმცა იმ ნივთებმა, რომლებიც ამ შეფუთვებში მოვათავსეთ, დიდი დაინტერესება გამოიწვია და, მომხმარებლების თხოვნით, ჩვენს აქსესუარებსა და პოტერჰედულ ტანსაცმელს უკვე საცალოდაც ვყიდით”.
დეტალურად, რას აწარმოებს “პოტერჰედი”?
ამ ეტაპზე, საქართველოში ვაწარმოებთ ჰუდებს, მაისურებს, საბავშვო ტანსაცმელს, შესაფუთ ქაღალდებსა და სასაჩუქრე ყუთებს, პირბადეებს, აბრეშუმის თმის სამაგრებსა და საძილე ნიღბებს, სამკაულებს… იგეგმება ტკბილეულის, საკანცელარიო ნივთებისა და სახლის აქსესუარების დამატებაც. ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენს სახელობით, განსხვავებული შინაარსის წერილებს, რომლებსაც თავად მომხმარებლები ადგენენ ან ჩვენ ვწერთ, ვაფორმებთ ცვილითა და ლენტებით და ჯინჯერის ორცხობილებთან ერთად სიურპრიზად ვაგზავნით ადრესატამდე. ვცდილობთ – ყველა ნივთი, რომელსაც ჩვენს პოტერჰედულ მაღაზიაში გავყიდით, საქართველოშივე იყოს შექმნილი, იყოს მაღალი ხარისხის და ხელნაკეთი.
ბევრი გულშემატკივარი ჰყავს თქვენს პროდუქციას?
გაყიდვები, დაახლოებით, 2 თვის წინ დავიწყეთ. ჩვენი პოტერჰედი მეგობრების გარდა, ბევრი სხვა გულშემატკივარიც გამოგვიჩნდა. განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ დიდი კომპანიების, რომლებმაც სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში ხელი შეგვიწყვეს და დაარსებიდან ძალიან მალე ჩვენი ნივთების განთავსება საკუთარ საიტზე www.pottergead.ge და “გლოვოს” აპლიკაციაში, სტარტაპერის განყოფილებაში შევძელით. ჩვენს გულშემატკივრებსა და მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ და აღნიშნავენ ჩვენი მომსახურების ხარისხს. ორი თვის მანძილზე პირადი შეტყობინებით ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მივიღეთ, რაც ეხებოდა თვითონ ნივთების მაღალი ხარისხით კმაყოფილებას, შეფუთვის ორიგინალობას, მომსახურებას. ეს შეფასებები ძალიან დიდი სტიმულია იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ახალ პროდუქტებზე ფიქრი და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ჯადოსნური ნივთი.
უმთავრესად, რომელი ასაკობრივი კატეგორიაა დაინტერესებული? გაყიდვების დაწყებიდან თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებლისგან მივიღეთ შეტყობინებები. ვფიქრობთ, რომ “პოტერჰედი” ყველა იმ ადამიანისთვის მუშაობს, ვისაც უყვარს ჯადოსნური სამყარო და მოსწონს საყვარელი ადამიანების გაბედნიერება ორიგინალური და განსხვავებული საჩუქრებით, ასაკობრივი კატეგორიის შეუზღუდავად.
ტენდენცია როგორია, ინტერესი იმატებს დროთა განმავლობაში თქვენი ნაწარმის მიმართ?
ვამჩნევთ, რომ ინტერესი მზარდია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ასორტიმენტის გაზრდასთან ერთად კიდევ უფრო მეტი პოტერჰედი შემოუერთდება ჩვენი ჯადოსნური მაღაზიის სტუმრების რიგებს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ