20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ის ქვეყნის 46-ე პრეზიდენტი იქნება. აღნიშნულს წინ დიდი ვნებათაღელვა უძღვის. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცერემონიალზე უსაფრთხოების ნორმები აბსოლუტურად დაცული იქნება.
თუმცა, მიმდინარე წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობას დაესხნენ თავს და შტურმით აიღეს. შენობაში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება მიმდინარეობდა. ფაქტს მსხვერპლი მოჰყვა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა. ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა მოქმედება “ტერორიზმად” შეაფასეს. მსოფლიო ლიდერებმა კი პასუხისმგებლობა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს დააკისრეს. მას იმპიჩმენტი უკვე მეორედ გამოუცხადეს.
“დემოკრატიის შუქურად” მიჩნეული შტატები კრიზისის პირასაა. შეიძლება ითქვას, რომ მოსალოდნელია, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო 45-ე პრეზიდენტის წაქეზებით ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყოს. ასე თუ ისე, მსოფლიოს თვალში აშშ-ის დემოკრატიულობას უკვე წყალი შეუდგა.
არსებული რეალობის მიხედვით, დონალდ ტრამპს ანგარიში უკვე არაერთმა სოციალურმა ქსელმა დაუბლოკა, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Professional-ი უკვე მესამე ბანკია, რომელმაც ტრამპთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამ მოცემულობის კვალდაკვალ, ბაიდენი პრეზიდენტად მისი გამოცხადების პირველივე დღიდან დაგეგმილ ქმედებებს აჟღერებს. მისთვის პრიორიტეტი, ამ ეტაპზე, კოვიდსიტუაციის დარეგულირება იქნება. მისი სტრატეგიის სახელწოდება ასეთია – “ამერიკის გადარჩენის გეგმა, რომელიც 1,9 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. მან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა და უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის სოციალური პაკეტი უზრუნველყო.
პარალელურად, Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ფედერალური ბიურო ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ეროვნული გვარდიის წევრებს ამოწმებს, რომლებიც ცერემონიის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ეს იმისთვის ხდება, რომ სტუმრებისთვის ან არჩეული პრეზიდენტისთვის რომელიმე მათგანი საფრთხეს არ წარმოადგენდეს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ