20 იანვარიდან საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური – ენგურჰესი სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება, რის გამოც საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
“ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სარემონტო-სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს სამუშაოების შესრულება და ენგურჰესის დროული ამუშავება”, – განაცხადა ნათია თურნავამ ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები – ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება – რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს…
„ენგურჰესის“ გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.