გარემოს დაბინძურება ჩვენს ქვეყანაში ერთერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ასე თუ ისე, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაფერს ადამიანის აზროვნება, შეგნება და ქმედება განსაზღვრავს. თუმცა, არსებითია, პასუხისმგებელმა ორგანოებმა იზრუნონ, რომ თვალსაჩინო გახადონ გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები და გაანალიზდეს ისინი.
როგორც გარემოსდამცველი, კახა ბახტაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას აღნიშნავს, არსებობს სამი ორგანიზაცია, რომელიც ზემოხსენებულ საკითხზე მუშაობს.
“ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროში არსებობს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი, რომლის ერთერთ მიზანსაც სწორედ ცნობიერების ამაღლება და განათლების საკითხებზე მუშაობა წარმოადგენს. ასევე, არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გარემოს დაბინძურების კვლევაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, არის გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც გახლავთ საზედამხედველო ორგანო, ანუ აკეთებს მონიტორინგს დაბინძურებასთან დაკავშირებით. ეს არის ის სამი ორგანიზაცია, რომელიც ერთობლივად მუშაობს”, – განმარტავს გარემოსდამცველი.
ბახტაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ინსტრუმენტული კვლევების ნაკლებობაა.
“საზოგადოებაში ინტერესი ძალიან დიდია. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ არ არის საკმარისი ინსტრუმენტული კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ჰაერის ხარისხზე წლების წინ საუბარი საერთოდ არ იყო. შესაბამისი სადგურების უმეტესობა დგას თბილისში, რის გამოც ვერ ვიღებთ სრულ სურათს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. ერთია თვითონ დაკვირვება და მეორეა – რა უნდა გაკეთდეს, რომ პრობლემა შესუსტდეს. არის ხარვეზები კომუნიკაციაში. ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის შესაბამისი საკითხები კარგად გადაცემული არ არის. ამას სჭირდება დამატებითი მუშაობა”, – განმარტავს კახა ბახტაძე და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ასევე ტექნიკური ცოდნისა და კვლევების ნაწილი – საჭიროა შედეგების ინტერპრეტაცია და ანალიზი.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ