ნიკა ლაშხია ერთ-ერთია იმ ქართველებს შორის, რომელმაც საქართველო მსოფლიო მასშტაბით ასახელა. სულ რამდენიმე დღის წინ მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ლექსები ლიეტუვურ გემოცემაში ლიეტუვურ ენაზე დაიბეჭდა. ცხადია, ახალგაზრდა პოეტისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა, ქართველებისთვის კი ერთ-ერთი საამაყო ფაქტი. დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ ნიკა თავად ესაუბრა.
როგორ მოხვდა თქვენი ლექსები ლიეტუვურ ენაზე ლიეტუვურ გამოცემაში?
დაახლოებით, ორი წლის წინ პოეტი შოთა იათაშვილი ჩინეთში იყო ჩასული ერთ-ერთ ლიტერატურულ ფესტივალზე, სადაც გაიცნო ლიეტუველი ახალგაზრდა ავტორები. როგორც გაირკვა, მათ ძალიან უნდოდათ ქართველი ახალგაზრდა ავტორების პოეტური ანთოლოგიის გაკეთება, შოთას სთხოვეს დახმარება და რადგან შოთა ლიტერატურული ჟურნალის – ,,ახალი საუნჯის” რედაქტორია და ზოგადად კარგად იცნობს თანამედროვე ქართულ პოეზიას, რა თქმა უნდა, დათანხმდა, ყველა იმ ავტორის ლექსები მიაწოდა, ვინც თავად ჩათვალა საჭიროდ. ასე აღმოჩნდა ჩემი ლექსები ჩინეთიდან ლიეტუვაში. პანდემიის გამო დაგვიანდა ანთოლოგიის გამოცემა, თუმცა, სავარაუდოდ, მაისში უკვე მზად იქნება.
უფრო მეტად, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ლექსებს?
როგორც ჩანს, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ანთოლოგიამდე ერთ-ერთი ახალი ამბების პორტალზე გამოქვეყნდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
აქამდე მსგავსი შემთხვევა თუ გქონიათ – რომელიმე უცხო ენაზე, უცხო ქვეყანაში თუ გავრცელებულა თქვენი პოეზია?
კი, 2018 წელს გერმანულ ენაზე ითარგმნა. ლიტ – ფესტივალზეც ვიყავი ჩასული ბერლინში, სხვა ქართველ ავტორებთან ერთად. დაახლოებით, ორი კვირა გაგრძელდა ფესტივალი. არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი… ასევე, ჩემი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, აზერბაიჯანულ, რუსულ, უკრაინულ და ბერძნულ ენებზე.
რა მნიშვნელობისაა ეს ფაქტი თქვენთვის?
სასიამოვნოა, როცა ლექსები საზღვრებს ცდებიან და სხვადასხვა ქვეყნისკენ მიიკვლევენ გზას, ეს მოგზაურობას ჰგავს, რომელიც არ გინდა, რომ დასრულდეს. იმედია, არ დასრულდება და სულ მოგზაურობაში იქნებიან ჩემი ტექსტები.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ