ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ.
„ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი“, – აცხადებს ტიკარაძე.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. ამასთან, როგორც ტიკარაძე განმარტავს, საზოგადოების 60%-ის ვაქცინაცია ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე იქონიებს გავლენას.
„60% ეს ნამდვილად ის მაჩვენებელია, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე. ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც ნატურალურ რიცხვში 1 600 000-დან 1 700 000- მდე არის.
დამუშავებულია სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა. ჩვენი უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმუშავებს საინფორმაციო მაუწყებლებთან ერთად პირველ რიგში საინფორმაციო კამპანიის კუთხით. ეს ერთ-ერთი ძირითადი ნაბიჯია, რომელიც უნდა გადავდგათ. შემდგომში, როდესაც ვაქცინა ეტაპობრივად დაიწყება, რა თქმა უნდა, მის მიერ გამოვლენილი საკმაოდ მცირე გვერდით მოვლენები ასევე გაზრდის ჩვენს მოქალაქეებში მიმღეობას და სანდოობას“, – აცხადებს ტიკარაძე.
მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 42 პროცენტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უნდობლობას უცხადებს ვაქცინას და მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ვაქცინის პოპულარიზაცია
მინისტრის თქმით, პირველი და მთავარია, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყოს სანდოობის გარანტი.
„ეს არის ის, რომ ჩვენ ვენდობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, მისი მხრიდან დამტკიცებულ სანდო ვაქცინას და შესაბამისად, ქვეყანაში არ შემოვა არც ერთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაფიქრდნენ, თუ რამდენად მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება მთავრობა ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.