იღბალი, ცოდნა, ინტუიცია, განწყობა, დამოკიდებულება და სხვა – თითოეული ადამიანის შემთხვევაში წარმატებას სხვადასხვა მოცემულობა განსაზღვრავს. რა როლი აქვს, მათ შორის, პოზიტიურ განწყობას წინსვლაში? საკითხის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი, მარიამ იველაშვილი ესაუბრა.
რა როლი აქვს დადებით განწყობას წარმატების მიღწევაში?
ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა. ესენია: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობების მართვა. თუ ადამიანის ემოციური ინტელექტი მაღალ მაჩვენებელზე დგას, მას შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი IQ დაბალ მაჩვენებელზე დგას. ამასთანავე, ადამიანს ყოველთვის შეუძლია, განივითაროს EQ, რაც პირდაპირ კაავშირია განწყობასთან და, შესაბამისად, წარმატებასთან.
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დადებითი ემოციის მქონე ადამიანს აქვს სხვასთან უპირატესობა, რათა მიაღწიოს წინსვლას?
ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარი და შემდგომ სხვისი ემოციების მართვა, შეუძლია, მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას. კვლევების თანახმად, მენეჯერების უმეტესობას აქვს EQ-ს ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე უფრო დაბალ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებს. შესაბამისად, მათი განწყობა და სიტუაციის აღქმის უნარი განსხვავდება სხვებისგან და აძლევს საშუალებას, მიაღწიოს უფრო დიდ წარმატებას.
რა დროსაა მოსალოდნელი, განწყობამ ხელი შეგვიშალოს წარმატებაში?
იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს არ აქვს უნარი, მართოს საკუთარი თავი და ურთიერთობები, დიდია დანაკარგის რისკი როგორც პირად, ასევე, საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ამიტომ, ჩვენი ყურადღება უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ყოველდღიურად განვივითაროთ ემოციური ინტელექტი, ამის საშუალებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი განწყობების მობილიზებასა და მართვას, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს წარმატებასა და ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ