არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანა მოლოდინის რეჟიმშია გადასული. რამდენად დაბალანსებული იყო არჩევნები, რას უნდა ელოდოს ქვეყანა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადაში, რამ გამოიწვია ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა, ამ და სხვა საკითხებზე ”თბილი თაიმსი” პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბატონო რამაზ, ყველა აღნიშნავს, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები ქართული პოლიტიკისთვის უჩვეულოდ მშვიდ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რომლის შედეგად ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდება. ეგზიტპოლებისა და ცესკო–ს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ახალი, რიგით მეოთხე პრეზიდენტი ჰყავს. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებს და მის შედეგებს?
ვეთენხმები ყველა პოზიტიურ შეფასებას და ყველა იმ არგუმენტს, რომელიც ამ შეფასებებს ახლდა. ნათქვამს დავამატებდი ზოგიერთ მოსაზრებას. ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ მოსახლეობას მშვიდობიანი და მშვიდი პოლიტიკური პროცესები ურჩევნია ომის მაგვარ პოლიტიკას. ამომრჩევლის ამ დონზე ასვლა ერთ-ერთი დადებითი შედეგია. შეცვალა პოლიტიკოსთა ბრძოლის სტილიც – ამ არჩევნებში ადრეულთან შედარებით მინიმალური იყო ჭუჭყი და სიცრუე. დადებითი შედეგია ისიც, რომ ცხადი გახდა ახალგაზრდა ადამიანის მოსვლას დიდ პოლიტიკაში აღარ ესაჭიროება არანაირი რევოლიცია, ნორმალური პოლიტიკური პროცესით უკვე არის შესაძლებელი ქართულ პოლიტიკაში თაობათა ცვლა. ალბათ, კიდევ ბევრი დადებითი რამ გამოჩნდება დროის გასვლის შემდეგ. ერთადერთი ხარვეზი არის ”ნაციონალების” უფრო მაღალი შედეგი, ვიდრე ეს გუნდი იმსახურებს. იმედია, დრო ამასაც გაასწორებს.
გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება თქვენი აზრით როგორ აისახება ქვეყანაზე და მოვლენათა როგორ განვითარებას შეიძლება ველოდოთ, რას უნდა ელოდოს ქვეყანა მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადაში?
დიდი გამოცდის წინაშე დადგა მარგველაშვილი მას შემდეგ, რაც პრემიერმა განაცხადა, რომ იგი მიდის პოლიტიკიდან. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ივანიშვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა მის მიერ წამოყენებულ კანდიდატს, ამ განცხადებას შეიძლებოდა მნიშვნელოვანი დაღი დაესვა შედეგებისთვის, რომ არა თავად მარგველაშვილის ერთი თავისებურება. იგი, როგორც საჯარო პოლიტიკის ფიგურა, ყოველდღიურად იზრდებოდა. პოლიტიკური ფეოერვერკი მოაწყო მან რუსთავი 2-ის სტუდიაში და დაამტკიცა, რომ ის დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის წამყვანი ფიგურაა, ბევრი ვერ მოახერხებდა ამ შეხვედრის ასე ლაღად და, ამავე დროს, გონიერად წაყვანას. ამდენად, მიღებული ხმები ივანიშვილის მხარდაჭერის გარდა მის მიერ მოპოვებულ სიმპათიის გამოხატულებად მიმაჩნია.იგივეს უნდა ველოდოთ მომავალშიც, ეს ერთერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იქნება არამარტო მაღალი თანამდებობის, არამედ პოლიტიკის მართვის კომპეტენციის და უნარის გამო. ის ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს.
მარგველაშვილის განცხადებით 2 კვირაში მთავრდება კოჰაბიტაცია ნაციონალურ მოძრაობასთან, თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენას და რას მოუტანს ეს ყოველივე ქვეყანას?
ზუსტად არსად თქმულა რას ნიშნავს კოჰაბიტაციის დასრულება და მეც მიჭირს ზუსტად შევაფასო ნათქვამი. თუ ეს გულისხმობს ”ნაციონალების” გავლენის დასუსტებას, იგი მხოლოდ კარგ შედეგს მოუტანს ქვეყანას, რადგან თავად ”ნაციონალები” მხოლოდ თავის თავზე ზრუნავენ ქვეყნის ხარჯზე.
არჩევნები ამომრჩევლის პასიურობით გამოირჩეოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა 63%-სშეადგენდა, ხოლოწელს – 46, 6%-ს, თქვენ რას უკავშირებთ ელექტორატის პასიურობას და რაშეიძლება ყოფილიყო აქტიურობის ვარდნის მიზეზი?
მე ვთვლი, რომ პასიურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შეძახილი ”ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”. ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა თავისი ადგილი ვერ დაინახა ამ გამარჯვებაში და სახლში დარჩა.
ბატონო რამაზ, პრემიერი პოლიტიკიდან მიდის, მისი შემცვლელის ვინაობა კი სავარაუდოდ კვირის ბოლოს იქნება ცნობილი, ყველაზე აქტიურად კი დავით სერგეენკოსა და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები სახელდება, თქვენი აზრით ვის დაასახელებს ივანიშვილი და რა კრიტერიუმით შეარჩევს იგი მის შემცვლელს?
როცა ამინდის პროგნოზს აკეთებენ, ეს საჭიროა იმისთვის, რომ გავარკვიოთ რა უნდა ჩავიცვათ ხვალ. რა მნიშვნელობა აქვს იმის პროგნოზს, ვის დაასახელებს პრემიერი, რა შეიცვლება ამ პროგნოზით? ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიმტვრიო თავი იმაზე, რასაც ორ დღეში ისედაც იტყვის ივანიშვილი.
ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მეორე ადგილზე “ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატი ბაქრაძე გაიყვანა. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიებს ნინო ბურჯანაძეც გამოთქვამს. მისი განცხადებით, არცერთ სოციოლოგიურ კვლევას არ ენდობა, და ელოდება ცესკო–ს საბოლოო შედეგებს. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ბურჯანაძის პრეტენზიები და მტკიცება, თითქოს კოალიციამ “ნაციონალური მოძრაობა” მეორეა დგილზე გაიყვანა?
შეიძლება ”ოცნებას” აწყობდა ”ნაციონალების” მეორე ადგილი, მაგრამ ეს დანაშაული არაა. თუ ”ოცნებამ” კანონი დაარღვია ამისთვის, მაშინ სულ სხვა საქმეა. ეს უნდა გამოვლონდეს საჩივრების გამოძიებით. არჩევნებზე ნამყოფ მოსახლეობას არა აქვს იმის განცდა, რომ იქ კანონი ირღვეოდა.
თქვენი აზრით, ინაუგურაციის შემდეგ როგორი იქნება სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და სავარაუდოდ როგორ აისახება მისი აქტიურობა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე?
მე მეეჭვება მან მოახერხოს პოლიტიკაში დარჩენა.
30.10.13
ნინა პირტახია