ღვთაებრივი გამოცხადების დაცვისა და გავრცელების ორი საშუალება არსებობს. ერთი მათგანია წმინდა გარდამოცემა, მეორე კი- წმინდა წერილი. ჩვენ ამჯერად წმინდა გარდამოცემაზე ვისაუბრებთ.
წმინდა გარდამოცემის ქვეშ იგულისხმება ის, რაც ღმრთის ჭეშმარიტად მორწმუნეებმა შთამომავლებს, სიტყვით და მაგალითით გადასცეს ერთი მეორეს რწმენის სწავლების, ღმრთის სჯულის, საიდუმლოებების და საღმრთო წეს-განგების შესახებ.
თავად სიტყვა “გარდამოცემა” (ბერძ. paravdosi) გადაცემას, მემკვიდრეობაში დატოვებას ნიშნავს. ის უპირველეს ყოვლისა თავად მოქმედებაზე, გადაცემის პროცესზე მიუთითებს. სწორედ ამგვარად ინახება და ვრცელდება ღმრთაებრივი გამოცხადება ადამიანებს შორის. პავლე მოციქული ამბობს:
“… მე თვით უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით” (1კორ. 11, 23)
ახალი აღთქმის წიგნებში სიტყვა “გარდამოცემა” არა გადაცემის პროცესს აღნიშნავს, არამედ თავად იმას, რაც გადაეცემა, პირველ რიგში გადასაცემ სწავლებას:
“…მტკიცედ იდექით, ძმანო, და იპყარით მოძღვრება, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით.” (2თეს. 2,15)
ასეთივე აზრს დებენ ამ სიტყვაში ეკლესიის ძველი მამებიც. მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელი (+156) წერს “დასაბამიდან გადმოცემული სიტყვის შესახებ”[i], ხოლო მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი (+202) საუბრობს გარდამოცემის შესახებ, “რომელიც მოციქულებიდან მომდინარეობს, და ეკლესიებში პრესვიტერთა მემკვიდრეობის გზით ინახება,” ასევე საუბრობს “სამოციქულო გარდამოცემა,” “მოციქულთაგან საეკლესიო გარდამოცემის” შესახებ.
გარდამოცემის წყაროს თავად ღმერთი წარმოადგენს. უფალი იესო ქრისტე სამღვდელმთავრო ლოცვაში, ამბობს:
“სიტყვები, რომლებიც მომეცი, მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტებად.”(ინ. 17,8)
ამგვარად, გარდამოცემა თავისი შინაარსით სავსებით თანხვდება მოციქულთა ქადაგებას და აქედან გამომდინარე, ღმრთივგამოცხადებით სწავლებას წარმოადგენს, რომელიც მთელი სისრულითაა ქრისტეში.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.