მსოფლიოს მსგავსად, რესტორნის ბიზნესი საქართველოშიც განსაკუთრებულად დაზარალდა. მეტიც, შეიძლება ითქვას, მათ უმრავლესობას ნულიდან მოუწევს საკუთარი საქმიანობის განხორციელება. რეგულაციების შემსუბუქებისა თუ გამკაცრების პალალელურად, რესტორნებთან დაკავშირებით დადგენილი გადაწყვეტილებები მიუღებელი აღმოჩნდა მფლობელებისთვის. როგორც ისინი აღნიშნავენ, ღია სივრცეში არსებული რესტორნების გახნსა მათთვის საკმარისი არ არის.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განმარტავს, ადამიანებს ერთი წელი მაინც დასჭირდებათ, რომ დაიწყონ ზრუნვა დასვენებასა და მსგავსი ტიპის სხვა მოთხოვნილებებზე. კონკრეტულ თარიღებსა და რიცხვებზე საუბარი, ექსპერტის თქმით, ჯერჯერობით, შესაძლებელი არ არის.
კითხვაზე, მოუწევთ თუ არა რესპორნებს ყველაფრის ნულიდან დაწყება, არჩვაძე ასე პასუხობს – “ამ შემთხვევაში, გააჩნია რესტორანს. ბევრ მათგანს ყველაფრის მინუსებიდან დაწყება მოუწევს. მოცემულ პერიოდში ზოგიერთმა რესტორანმა მაინც შეინარჩუნა თანამშრომლები, უხდიდა მათ ხელფასებს წარსულში დაბანდებული თანხებიდან, რაც უკვე ამოიწურა”.
შეგახსენებთ, რესტორატორთა ასოციაციას გადაწყვეტილი და დაანონსებული ჰქონდა, რომ 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნებოდა რესტორნები. თუმცა, როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, აღნიშნული აქცია გაუქმდა და რესტორნები მიტანის სერვისით განაგრძობენ ფუნქციონირებას. მაგრამ ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ, მათთვის ზედმეტად მიუღებელი გადაწყვეტილებების შემთხვევაში, აქცია მომავალში გაიმართოს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ