საინტერესო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა კარტოფილის შინ მიტანის იდეა – კარტოფილი.ჯი-ს მომსახურება საკმაოდ კომფორტულია. აქამდე აზრად არავის მოსვლია, რომ შესაძლებელია, დიდი რაოდენობის კარტოფილი შეიძინოს ვინმემ ისე, რომ სასურველ მისამართზე მიიღოს. არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გუნდი სასურველ და მათთვის სასიამოვნო საქმეს აკეთებს. თან ისე, რომ კლიენტი უკმაყოფილო არასდროს არის.
კარტოფილი.ჯი-ს დამფუძნებელი, ბაჩო ბალახაშვილი პასუხობს “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს.
რამდენი ხანია, რაც არსებობთ ქართულ ბაზარზე?
ზოგადად, კარტოფილი.ჯი ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ აქტიურად მხოლოდ წელს ვმოღვაწეობთ. ორი წელი არ ვაქტიურობდით, რადგან ჩვენ მხოლოდ ჩვენ მიერ მოყვანილ კარტოფილს ვყიდით და გასული ორი წელი არ დაგვითესავს კარტოფილი.
უფრო დეტალურად, რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?
კარტოფილის სახლში მიტანის იდეა გაჩნდა მომხმარებლის ქცევის შესწავლიდან გამომდინარე.
კარტოფილი პირველად 21 წლის ასაკში მოვიყვანე. ბაბუაჩემი, ივანე ბალახაშვილი მშრომელი კაცი იყო და უყვარდა მიწა, ხე, ბუნება. ზაფხულობით, როცა ჩავდიოდი, გვერდში მიყენებდა და მასწავლიდა დალოცვილი ბუნების არსს. როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, მიწები უპატრონოდ დარჩა და მე მომიწია, სათავეში ჩავდგომოდი მის ამ მადლიან საქმეს.
პირველ წელიწადს მოვლა-პატრონობა მისი მიწების ჩემი პატივისცემის გამომხატველი იყო იმ ყველაფრისადმი, რაც გამიკეთა. პირველი მოსავლის აღების შემდეგ ყველაფერი დავითვალე და სარფიანი გამოდგა. პირველ წელიწადს ხარჯების გაწევის მხრივ ოჯახი დამიდგა გვერდით, ნათესების მოვლაში ბიძები დამეხმარნენ. პირველი მოსავალი როდესაც ავიღე, გაჩნდა კითხვა, სად უნდა გამეყიდა უფრო ძვირად? მოსავალი პირველად გლდანის ბაზარში გავყიდე. იქ როდესაც ვყიდიდი კარტოფილს, ყველას ძალიან მოსწონდა ჩემი კარტოფილი ( კარტოფილი ადიგენის რაიონის ულამაზეს სოფელ უდეში მომყავს, ზღვის დონიდან 1300 მეტრამდეა, მთის რეგიონია, ამის გამო კარტოფილი გამოირჩევა თავისი უნიკალური გემოვნური თვისებებით), მაგრამ რადგან კარტოფილი მძიმე პროდუქტია და სატარებლად ძნელია, ყიდულობდნენ ცოტას. ან ვინც ტომრით ყიდულობდა და მანქანა არ ჰყავდა, უწევდათ ტაქსის გაჩერება და იმით წაღება. ყველაფერი ეს დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. სწორედ აქ დაიბადა იდეა, თუ რატომ არ შეიძლებოდა, კარტოფილი სახლში მიტანით ყოფილიყო, სადაც მომხმარებლებს აღარ მოუწევდა არც კარტოფილის თრევა, არც ტაქსის დაქირავება, არც მეზობლის დახმარება ტომრის სახლში ასატანად და ა.შ.
რა სერვისებს ითვალისწინებს თქვენი ბიზნესი?
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მხოლოდ ქართული კარტოფილის სახლში მიტანის სერვისს (მხოლოდ ქართული იმიტომ, რომ ბევრი ყიდის თურქულ კარტოფილს, როგორც ქართულს და ვინც ვერ ერკვევა კარტოფილში, მოტყუებული რჩება).
ჩვენი კარტოფილის მინიმალური შეკვეთა არის 15კგ-ი. 15-15-კილოგრამებიან შეფუთვებში გვაქვს დაფასოებული და თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიგვაქვს.
რით არის გამორჩეული თქვენი პროდუქცია?
პირველ ყოვლისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი კარტოფილი მთაშია მოყვანილი და გამოირჩევა გემოვნური თვისებებით. ასევე, ჩვენი გუნდი კარტოფილს სამჯერ არჩევს, სანამ მომხმარებლამდე მივიტანთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 15-კილოგრამიან შეფუთვაში არცერთი გაფუჭებული კარტოფილი არ ურევია. როდესაც ბაზარში ან მაღაზიაში კარტოფილს ყიდულობს მომხმარებელი, გამორიცხულია, გაფუჭებული კარტოფილი რომ არ ერიოს. 50 კგ-ში ყველაზე კარგ შემთხვევაში 2-3 კილოგრამს ყრის. ჩვენთან კი ერთ ცალსაც არ გადააგდებს მომხმარებელი. ასევე, უნდა აღვნიშნო ჩვენი სერვისი, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული. ოქტომბრიდან კარტოფილს ვყიდით და ჯერ უკმაყოფილო მომხარებელი არ გვყოლია. როდესაც მე-8 სართულზე გვქონდა ასატანი 30 კგ კარტოფილი, ლიფტი არ მუშაობდა და მომხმარებელი მარტოხელა ქალბატონი იყო, ჩვენს კურიერებს დაუზარებლად აუტანიათ. ზოგ შენობაში ლიფტები საერთოდ არ არის, მაგრამ ჩვენთვის ეგ შეკვეთის არმიღების მიზეზი საერთოდ არ ყოფილა.
და კიდევ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქმეს ვაკეთებთ გულითა და სიყვარულით.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ