დღეს ადამიანები გამოწვევებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ. ამ სამყაროში სხვადასხვა სპეციალობისა და ინტერესის მქონე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამ კონკურენციის პირობებში არის საჭირო, რომ თითოეულს ახასიათებდეს რაიმე განსაკუთრებული – ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იყო გამორჩეული, რათა არჩევანი გაკეთდეს შენზე.
გვანცა მაღლაკელიძე ბევრისთვის ძალიან კარგად ცნობილი ფოტოგრაფია. ის ცნობილია იმით, რომ მოდელებს ფოტოებს რძიან აბაზანებში უღებს. ამასთან, მისთვის გამორჩეულად საინტერესოა წითური გოგონები. თუმცა, ამ ეტაპზე, ის სხვა მიმართულებით არის დაკავებული და მუშაობს პლუს საიზ მოდელებთან დაკავშირებულ პროექტზე.
გლობალურმა პანდემიამ გვანცა იძულებული გახადა, მშობლიურ საქართველოში დარჩენილიყო. სწორედ ამ მოცემულობაში, მან გადაწყვიტა, ადამიანებისთვის საკუთარი ფოტოები განახლებული იდეით შეეთავაზებინა – შემოეტანა მეტი სილამაზე და სიფერადე. რძე მის შემთხვევაში კვლავ მოთხოვნადია. თუმცა, ფოტოებს უკვე ტროპიკულ ელემენტებთან ჰარმონიაში იღებს. ამ სიახლეს დიდი პოზიტივი და სასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა, რამაც გვანცას უდიდესი სტიმული მისცა, რომ ბევრი მსგავსი გადაღება გააკეთოს.
“მაქვს ახალი პროექტის, რომელსაც მინდა, თავი მოვაბა. რადგან საქართველოში დავრჩი, დავგეგმე სიახლე – მინდა პლუს საიზ მოდელების გადაღება. თავიდან – ჩემი სურვილით. ამით მსურს, რომ ვთქვა სათქმელი – ვგულისხმობ, რომ ოდესღაც საქართველო უნდა გამოვიდეს ჩარჩოებიდან, რომელსაც 90-60-90 ჰქვია, ასევე, ბულინგის ჩარჩოებიდან, რასაც “თითის მიშვერა” ჰქვია. მინდა, ხალხს დავანახო, რომ საჭიროა, უთხრა ადამიანს – უი, რა ლამაზი ხარ, ნაცვლად ამისა – უი, როგორ გასუქებულხარ. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ლამაზია. უბრალოდ. მთავარია, როგორი კუთხით შეხედავ”.
საკუთარი ფოტოებისთვის მოდელებს რის მიხედვით არჩევ?
“გადაღებებისთვის ადამიანებს ჩემი სურვილის მიხედვით ვარჩევ. არასდროს – ფორმებით. ძირითადად, წითურებს ვიღებდი. ამან მოუტანა ჩემს ფოტოებს პოპულარობა. არ ვიცი, არის და უნდა იყოს რაღაც, რაც აუხსენილია – რის გამო მომწონს ადამიანი. რაღაც უნდა მოდიოდეს ადამიანისგან – არ ვიცი, რა არის ეს რაღაც. კრიტერიუმები არ მაქვს, სრულად მინდობილი ვარ ჩემს თვალს”.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ