დაიწყო 2021 წელი და კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია. მეტად თუ ნაკლებად, ადამიანებს კვლავ გვმართებს თავშეკავება. ჩვენ უკვე არაერთი დღესასწაული და მნიშვნელოვანი თარიღი აღვნიშნეთ მოკრძალებულად ან, სულაც, არ აღვნიშნეთ. ამჯერად, 14 თებერვალი, იგივე “ვალენტინობა” ახლოვდება. როგორც წესი, ამ დღეს შეყვარებული წყვილები ერთად ატარებენ, სხვადასხვა სიურპრიზის კვალდაკვალ. თუმცა, როგორ შეიძლება ამ დღის აღნიშვნა კორონავირუსთან ერთად?
შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანთან ერთად ძალიან ბევრი ისეირნოთ ქუჩებში. ეს ბევრისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ბარებსა და რესტორნებში დაპატიჟება. არ დაგავიწყდეთ, რომ საღამოს ცხრა საათზე უკვე საკუთარ ბინაში იმყოფებოდეთ.
გარდა ამისა. შეიძლება ითქვას, ახლა უფრო მარტივად არის შესაძლებელი, გაახაროთ საყვარელი ადამიანი სიმბოლური საჩუქრებით – მოგეხსენებათ, ონლაინ ვაჭრობა მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მოთხოვნადია.
მართალია, გრანდიოზულად დიდ ეკრანზე ეს ახლა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, შეარჩიოთ სასურველი რომანტიკული ან კომედიური ფილმი და ნახოთ ის მეორე ნახევართან ერთად. ბევრი სიცილი და ბევრი ემოცია სიყვარულის დღეს განსაკუთრებულად უხდება.
ტკბილეული, ღვინო და ბევრი საუბარი – დღეს ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ხელმისაწვდომობის გარეშეც კი შესაძლებელია. მეტიც, უკეთესია. მიუკაკუნეთ საყვარელ ადამიანს ტკბილეულით ხელში და გაახარეთ მოულოდნელი სიურპრიზით. საკუთარი ფოტოების თვალიერებასა და საუბარს ცოტა ალკოჰოლი ძალიან უხდება.
და ბოლოს, ნებისმიერი იდეა სიგიჟეა, რომელიც სიყვარულიდან მომდინარეობს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ