სვეტიცხოველი, რომელიც მცხეთაში მდებარეობს, ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისაგან. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებს. შემდგომში არაერთხელ შემუსვრილა მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის, შემოქმედებითი ენერგიის და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით, ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალის, მისი გაუტეხლობის სიმბოლოს განასახიერებდა
სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათოლიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. სწორედ სვეტიცხოველში ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა – კურთხევა, ჯვრისწერა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა. აქ ხდებოდა ქართველ მეფეთა, დედოფალთა, ბატონიშვილთა და კათოლიკოს-პატრიარქთა დაკრძალვა (ტაძარში დღემდე შემორჩენილია რამდენიმე მათგანის საფლავი). გარეშე მტერთა შემოსევებისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა. თავისი მდიდარი ბიბლიოთეკით სვეტიცხოველი მწიგნობრობის გავრცელების კერასაც წარმოადგენდა. არის ცნობები, რომ ეს წიგნები ინახებოდა ტაძრის კედლებში მოთავსებულ სამალავ ოთახებში, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად.
სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.
სვეტიცხოველი – ნიჭის ღვთიური ქმნილება
შეხედე ტაძარს სვეტიცხოვლისა,
სადაც იწვება უკვდავი ღვენთი,
მაშინ იწამებ გარე ყოვლისა,
რომ აქ ოდესმე ყოფილა ღმერთი.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა